საზოგადოების ეკოლოგიური და ეკონომიკური ინტერესების შესაბამისად და ახლანდელი და მომავალი თაობების ინტერესების გათვალისწინებით გარემოს დაცვა და რაციონალური ბუნებათსარგებლობა, ადამიანის  ჯანმრთელობისათვის  უსაფრთხო გარემოს შენარჩუნება რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა. 

მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ტერიტორიის 39% ტყიანია; ანუ ტყის საფარი შეადგენს 264,4 ათას ჰექტარს. ტყეების უდიდესი ნაწილი განლაგებულია მკვეთრი დაქანების ფერდობებზე და ასრულებენ უაღრესად მნიშვნელოვან ნიადაგდაცვით, წყლის შემნახველ-მარეგულირებელ, სანიტარიულ-ჰიგიენურ, რეკრეაციულ, ქარდაცვით და სხვა ფუნქციებს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ტყე სუფთა ჰაერის რეზერვუარია და ქმნის საკურორტო და ეკოლოგიურად სუფთა მიკროკლიმატს, რაც გამორჩეულს და მიმზიდველს ხდის რეგიონს.
ტყე მნიშვნელოვანი ფაქტორია რეგიონში სოფლის მეურნეობის, რეკრეაციულ-საკურორტო და ტურიზმის განვითარებისთვის.
უკანასკნელ ათწლეულებში რეგიონის ტყეებს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა უსისტემო გაჩეხვის შედეგად. ამის შედეგია მოხშირებული მეწყერები, ღვარცოფები, ნიადაგის ეროზია და სხვა.
დეგრადირებული ტყიანი ლანდშაფტები ადვილად ექვემდებარება მეწყრებისა და ზვავების განვითარებას. სადაც შესაძლებელია, უნდა აღდგეს დეგრადირებული ტყეები.

 

 ბუნებრივი კატასტროფების მართვა

რეგიონში ხშირად ფიქსირდება ბუნებრივი სტიქიური მოვლენები, როგორიცაა მიწისძვრა, წყალდიდობა, მეწყერი, ღვარცოფი, ზვავი, გვალვა. კატასტროფების გაზრდილი ინტენსივობისა და სიხშირის გამომწვევი მიზეზებია დემოგრაფიული ცვლილება, დაუგეგმავი ურბანიზაცია, უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე არასაკმარისი კონტროლი, სოციალურ-ეკონომიკური უთანასწორობა, გარემოს დეგრადაცია.

   ბიომრავალფეროვნება, დაცული ტერიტორიები და კონსერვაცია

ბოლო ათწლეულების განმავლობაში საქართველოს ბიომრავალფეროვნება მნიშვნელოვნად შემცირდა.
სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გამოყენების ინტენსივობა დიდ ზეგავლენას ახდენს ბიომრავალფეროვნებაზე. რეგიონში რამდენიმე დაცული ტერიტორიაა: ყაზბეგის ეროვნული პარკი, თბილისის ეროვნული პარკის ნაწილი, ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკი.
რეგიონი განსაკუთრებით მდიდარია ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვნებით. აღსანიშნავია ენდემური სახეობების და ჯიშების სიმრავლე. მათი დაცვა და კვლავწარმოება განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. დაცულ ტერიტორიებს ბუნების დაცვის გარდა სოციალურ-ეკონომიკური დატვირთვაც გააჩნია.


 გარემოსდაცვითი საქმიანობა და ნარჩენების მართვა

საზოგადოების ეკოლოგიური და ეკონომიკური ინტერესების შესაბამისად და ახლანდელი და მომავალი თაობების ინტერესების გათვალისწინებით გარემოს დაცვა და რაციონალური ბუნებათსარგებლობა, ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს შენარჩუნება რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა.
ნიადაგის დაცვა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ზოგადად საქართველოსთვის და კონკრეტულად მცხეთა-მთიანეთის მხარისთვის.
რეგიონში მწვავედ დგას გარემოს დამაბინძურებლების, კერძოდ ნარჩენების მართვის საკითხი. ზედაპირული წყლების ძირითადი დამბინძურებელია კომუნალური სექტორი.
მცხეთის და ნაწილობრივ დუშეთის მუნიციპალიტეტებში ასევე დაბინძურების წყაროს წარმოადგენს სოფლის მეურნეობა (ჭარბად მოხმარებული მინერალური სასუქებისა და პესტიციდების ჩარეცხვა მდინარეებში, გაჟონვა გრუნტის წყლებში).
უმნიშვნელოვანეს პრობლემას წარმოადგენს ნაგავსაყრელების თემა. არც ერთ დასახლებას არ გააჩნია დადგენილი ნორმებით აგებული ნაგავსაყრელი, ხოლო სოფლებში საერთოდ არ არსებობს და სტიქიურად ხდება ნაგვის დაყრა, უმეტესად ხევებსა და მდინარეებში, არასაკმარისია ნარჩენების შემგროვებელი ავტომანქანები და ბუნკერები.
 ბუნებრივი რესურსებით სარგებლობა


სამშენებლო მასალები

მცხეთა-მთიანეთის რეგიონი მდიდარია სამშენებლო მასალებით. ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მრავლადაა ქვის საბადოები: სხვადასხვა ფერის გრანიტის, მწვანე და ყავისფერი დიაბაზის, ტუფის ქვის და ა.შ. ყველა მუნიციპალიტეტში არსებობს ქვა-ქვიშა-ღორღის დიდი მარაგები, რომელთა ნაწილობრივ ათვისება ხდება არაგვზე და იორზე.


ტყითსარგებლობა

ტყის რესურსების რაციონალური გამოყენებისათვის აუცილებელია ამ რესურსების როლისა და შესაბამისი ეკონომიკური, სოციალური და ეკოლოგიური ღირებულების შეფასება, მათ შორის, ქვეყნის მდგრად განვითარებაში წვლილის შეტანის კუთხით.
ტყეების მდგრადი მართვა და სოციალური პრობლემების გადაჭრა სოფლის განვითარების ერთიან კონტექსტში უნდა იქნეს განხილული. საჭიროა ინოვაციური, არაორდინალური გადაწყვეტილებები.
უნდა მოხდეს თემების ჩართვა ადგილობრივი ტყეების მართვაში საზოგადოების სხვადასხვა ფენის (ახალგაზრდობა, ქალები) და მათი მოთხოვნების გათვალისწინებით. მათ უნდა იგრძნონ პასუხისმგებლობა იმ რესურსებზე, რომლებზედაც დამოკიდებულია მათი დღევანდელი და მომავალი არსებობა.