სოფლის მეურნეობა
სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა საქართველოს რეგიონული გავითარების პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. მას რეგიონის ეკონომიკაში მნიშვნელოვანი და წამყვანი ადგილი უჭირავს. მუნიციპალიტეტების გეოგრაფიული მდებარეობა განაპირობებს სოფლის მეურნეობის მრავალი მიმართულების განვითარებას, რაც სამომავლოდ შესაძლებლობას მოგვცემს, გავზარდოთ რეგიონში წარმოებული პროდუქციის ხვედრითი წილი ქვეყნის შიდა ბაზარზე. განსაკუთრებულად აღსანიშნავია, რომ ეს სექტორი თვითდასაქმების და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების საუკეთესო საშუალებაა.
მემარცვლეობა
მარცვლეულის წარმოებისათვის ხელსაყრელი ბუნებრივი პირობებია მცხეთის, დუშეთის და თიანეთის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე, მაგრამ სათანადო ტექნიკის, აგროტექნოლოგიების, ხარიხიანი თესლის, გასარწყავების და სხვა საჭიროებათა უქონლობის გამო საშუალო მოსავლიანობა ძალიან დაბალია.


მებოსტნეობა-მებაღჩეობა
მებოსტნეობა-მებაღჩეობისთვის მეტ-ნაკლები პირობები არსებობს მთელი რეგიონის მასშტაბით, მაგრამ შედარებით ინტენსიურად დატვირთულია მცხეთის მუნიციპალიტეტი. ეს განპირობებულია სარეალიზაციო ბაზართან (თბილისი) სიახლოვით და კომუნიკაციის სიიოლით. ძირითადად იწარმოება პამიდორი, კომბოსტო, ხახვი და სხვა. ვინაიდან ეს მიმართულება ძირითადად წვრილ მეურნეობებშია განვითარებული, ვერ იქმნება იმ მოცულობის პროდუქცია, რომ კონკურენცია გაუწიოს ქვემო ქართლის და ლაგოდეხის შედარებით განვითარებულ წარმოებას. ერთჯერადად წარმოებული პროდუქციის სიმცირე არარენტაბელურს ხდის მის შენახვას ნატახტარის მაცივარში.
მეკარტოფილეობა
მეკარტოფილეობის დიდი ტარდიცია არსებობს რეგიონში. დუშეთში, თიანეთში და ყაზბეგში მეკარტოფილეობა ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა. უხარისხო თესლის და არასათანადო ტექნოლოგიების უქონლობის გამო მოსავლიანობა დაბალია (20-25 ტ ჰა-ზე). წილკანთან არსებობს ლაბორატორია, სადაც შესაძლებელია კარტოფილის თესლის წარმოება სუპერ ელიტიდან ელიტამდე, მაგრამ, საკანონმდებლო ბაზის უქონლობის გამო ვერ იწარმოება კარტოფილის სამრეწველო თესლი.


მევენახეობა
მევენახეობა ძირითადად მუხრანის ველზეა განვითარებული. აქაური ყურძენი განსაკუთრებული გემოვნური თვისებებით გამოირჩევა და ცნობილია აქ დამზადებული ღვინოები. უკვე მყარად დგას ფეხზე ბიოღვინის წარმოება (ს. ჩარდახი), რომელიც დიდი მოთხოვნით სარგებლობს უცხოეთში და წარმოებული ღვინო მთლიანად ექსპორტზე გადის. საჭიროა ამ მიმართულების განვითარების ხელშეწყობა. აღსანიშნავია ჯიღაურას სანერგე მეურნეობა, სადაც თავმოყრილია როგორც ენდემური, ისე უცხოეთიდან შემოტანილი პერსპექტიული ჯიშები.


მეხილეობა
მეხილეობისთვის ხელსაყრელი პირობები არსებობს როგორც ბარში, ისე საშულო მთის ზონაში. თიანეთი უნიკალურ მიკროზონას წარმოადგენს მეხილეობითვის (ვაშლი,მსხალი, ქლიავი, კომში, კაკლოვნები). ტრადიციულად აქ არ გამოიყენებოდა შხამ-ქიმიკატები და აქაური ხილი გემოვნურ თვისებთან ერთად ეკოლოგიური სისუფთავითაც გამოირჩევა. საჭიროა ამ მიმართულებით განვითარება.
მესაქონლეობა (მსხვილფეხა)
გეოგრაფიულ-ბუნებრივ-კლიმატური პირობებიდან გამომდინარე მესაქონლეობა რეგიონის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. როგორც სარძევე, ასევე სახორცე მიმართულება დაბალპროდუქტიულობით გამოირჩევა. ამის ძირითადი მიზეზებია სანაშენე ფერმების არარსებობა, საკვები ბაზის არასათანადო დონე და ჩვენი მოსახლეობის დაბალი მატერიალური შესაძლებლობა. საჭიროა მაღალრენტაბელური, მათ შორის ალპურ პირობებთან შეგუებული ჯიშების შემოყვანა-გამრავლება, რძის და ხორცის მიმღებ-გადამამუშავებელი მცირე საწარმოების ამოქმედება, ახალი, მაღალფასიანი პროდუქტების შექმნა;

მესაქონლეობა (წვრილფეხა)
მეცხვარეობა რეგიონის უძველესი ტრადიციული დარგია. მცხეთა-მთიანეთის რეგიონს მისი განვითარების უდიდესი პოტენციალი აქვს.

მეღორეობა
მეღორეობა ძალიან პერსპექტიული დარგია რეგიონისათვის. ბოლო წლებში გაჩენილმა დაავადებებმა დიდი დარტყმა მიაყენა ამ დარგს. იგი თავმოყრილია შინამეურნეობებში.

მეფრინველეობა
მეფრინველეობის სამრეწველო ფერმები თავმოყრილია მხოლოდ მცხეთის მუნიციპალიტეტში, რომლებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს დედაქალაქის ფრინველის ხორცითა და კვერცხით მომარაგებაში. დიდი მოთხოვნილებაა ე.წ. სოფლის ქათამზე და კვერცხზე, რომელიც შინამეურნეობების მცირე წარმოების გამო მინიმალურადაც არაა დაკმაყოფილებული.

მეფუტკრეობა
რეგიონის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში განვითარებულია მეფუტკრეობა. ეკოლოგიური გარემო, ალპური და ტყის მცენარეების სიმრავლე და მრავალფეროვნება, ქართული ჯიშის ფუტკრის თვისებები განაპირობებს აქაური თაფლის განსაკუთრებულ გემოვნურ თვისებებს.

მეთევზეობა
მთელი რეგიონის მასშტაბით ხელსაყრელი პირობებია მეთევზეობის განვითარებისათვის. მეთევზეობის მეურნეობები (ტბორები) არსებობს ყველა მუნიციპალიტეტში. შესაძლებელი რაოდენობრივი ზრდა, სასურველია თევზის გადამამუშავებელი მცირე საწარმოების ამოქმედება.

მესათბურეობა
სასათბურე მეურნეობების შექმნა სტრატეგიულ მიმართულებად უნდა იქცეს სეზონის გარეშე ჩვენი ბაზრისთვის პროდუქტების მიწოდების მიზნით. ეს მიმართულება განსაკუთრებით პერსპექტიულია მცირემიწიანობის პირობებში.
სოფლის მეურნეობის რეგიონული პროდუქტების კომერციალიზაცია
რეგიონში სოფლის მეურნეობის პროდუქტების ისედაც დაბალმწარმოებლურობას ემატება მისი კომერციალიზაციის დაბალი დონე. ცალკეულ მწარმოებლებს არ ხელეწიფებათ, რომ მოახდინონ თავიანთი პროდუქციის სათანადო შეფუთვა, რეკლამირება და ბაზრისთვის მიწოდება.

ტყის პროდუქტები
რეგიონში ძალიან დიდი რესურსი არსებობს ტყის არამერქნული პროდუქტების (ხილი, კენკრა, სამკურნალო მცენარეები). საჭიროა მისი დამზადების და გადამუშავების ორგანიზება, რაც შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს, მოსახლეობას გაუჩენს დამატებით შემოსავალს.
კოოპერაცია
კანონმა სასოფლო-სამეურნეო კოოპერციის შესახებ, ამ მიმართულების სახელმწიფო და დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერამ შესაძლებლობა მისცა ცალკეულ ფერმერთა ჯგუფებს, რომ თავიანთი საქმიანობა წარმატებით განევითარებინათ, თუმცა შემაფერხებელ ფაქტორად რჩება საგრანტო პირობებში წილობრივი ფინანსური თანამონაწილეობა.

ტურიზმი
მცხეთა-მთიანეთის მთიანი ტერიტორიები და მთისწინეთი საკმაოდ საინტერესო და პერსპექტიულ რაიონს წარმოადგენს ტურიზმისა და საკურორტო მეურნეობის განვითარებისათვის.
ზოგადად მთიანი და მაღალმთიანი რეგიონების, როგორც ტურიზმისა და საკურორტო მეურნეობის ობიექტის, მნიშვნელობას ზრდის ამ მხარის ჯანმრთელი ჰავა და საკმარისი რაოდენობის მინერალური და სამკურნალო წყაროები, რომელთა მიზნობრივი და კომპლექსური გამოყენების საფუძველზე შესაძლებელია აღდგეს და ახლიდან შეიქმნას სხვადასხვა პროფილის ბალნეო-კლიმატური და კლიმატურ-ბალნეოლოგიური ცენტრები.
მცხეთა–მთიანეთის რეგიონს დიდი პოტენციალი გააჩნია ტურიზმის განვითარების სფეროში. ოთხივე მუნიციპალიტეტი და ქალაქი მცხეთა გამოირჩევა დიდი ისტორიული წარსულით, ძეგლებით, ადათ–წესებით და ტრადიციებით. განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ქ. მცხეთა, რომელიც იუნესკოს ძეგლია. საინტერესო და ტურისტებისთვის ძალიან მიმზიდველია რეგიონის მთიანეთი, სადაც უდიდესი შესაძლებლობაა მნიშვნელოვნად განვითარდეს ტურიზმის სხვადასხვა სახეობა: კულტურული, მომლოცველობითი, არქეოლოგიური, სათავგადასავლო, ეკოტურიზმი, აგროტურიზმი, სამთო–სათხილამურო, ბიზნესტურიზმი, შემეცნებითი ტურიზმი, ექსტრემალური ტურიზმი.
ტურიზმის სწრაფი ტემპით განვითარების თვალსაზრისით, განსაკუთრებით აღსანიშნავია მცხეთის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტები. ამ ორი ტურისტული ობიექტისადმი ინტერესი ყოველთვის არსებობდა, რამაც განაპირობა სახელმწიფო და ადგილობრივი პროექტების მათკენ რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულმა განვითარებამ განაპირობა ადგილობრივი და უცხოელი ტურისტების მატება, ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესის გაზრდა საოჯახო სასტუმროებისა და სხვა ტურისტული მომსახურების ობიექტების მოსაწყობად.

 რესურსული (ბუნებრივი, ეკონომიკური) პოტენციალი
რეგიონის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი ძირითადი მახასიათებელია ის, რომ იგი ძირითადად საკუთარ სანედლეულე ბაზაზე ვითარდება. ასეთი მდგომარეობა შექმნილია როგორც ობიექტური (სატრანსპორტო-გეოგრაფიული მდებარეობა), ასევე სუბიექტური (რეგიონის, განსაკუთრებით მისი მთიანი ნაწილის, მიმართ ათეული წლების მანძილზე გატარებული არასწორი პოლიტიკა) მიზეზებით.
რეგიონის ეკონომიკური წინსვლა მომავალში უმთავრესად საკუთარ ბუნებრივ რესურსებს დაეყრდნობა.
აღმოსავლეთ კასვკასიონის მდინარეთა წლიური ჩამონადენი 4063 მილიონი მ3-ია. მდინარეთა პოტენციური სიმძლავრე 1 მლნ. კილოვატია, რაც შეადგენს საქართველოს მდინარეთა პოტენციური მარაგის 6.4%-ს. ჰიდროენერგიის მარაგით გამოირჩევა მდ. არაგვი, რომლის ჰიდროენერგეტიკული პოტენციალი 0.5 მლნ. კილოვატს უდრის და მდ. თერგი (საქართველოს ფარგლებში) – 0.23 მლნ. კილოვატი.
ალტერნატიული ენერგეტიკული რესურსების ეფექტიანი გამოყენებისათვის საჭიროა ინვესტიციების მოზიდვა და კვალიფიციური კადრების მომზადება.
წყაროების ნაწილი ჯერ კიდევ სრულყოფილად არ არის შესწავლილი და აღრიცხული, საჭიროა დეტალური გეოლოგიური სამუშაოების ჩატარება.
ადგილობრივი მინერალური რესურსების ბაზაზე სამთო-მოპოვებითი წარმოების შექმნა მთიანი რეგიონების სამრეწველო განვითარების ერთ-ერთ გზას წარმოადგენს.
სპილენძი - საბადო მდებარეობს ყაზბეგის რაიონში, ს. გველეთიდან 10 კილომეტრზე, დევდორაკის საბადოს სახელით.მარაგი დიდია, თუმცა ბოლომდე შეუსწავლელია;
პოლილითონები - ტყვია-თუთიის მცირე გამოსასვლელებია შენიშნული მდ. ასას ხეობაში, მაგრამ დაბალია მადნის კონცენტრაცია. ყაზბეგის რაიონში შემჩნეულია სტიბიუმის (სურმა) უმნიშვნელო გამოვლინებები;
ანდეზიტი - მდ. თერგისა და მისი მარცხენა შენაკადების ხეობებში ცნობილია არშის, საკუცეტოსა და სხვა საბადოები ერთიანი მარაგით 3638 ათასი მ3.
კვარციტები - სამრეწველო მნიშვნელობის საბადოებია დ. სტეფანწმინდასთან;
საშენი ფიქლები - საბადოები მრავლადაა გამოვლენილი საქართველოს სამხედრო გზისა და ფშავ-ხევსურეთის არაგვის ხეობის გასწვრივ;
მთის ბროლი და გრაფიტი - მცირე საბადოებია დ. სტეფანწმინდასთან, თუმცა შესასწავლია მისი გამოყენების შესაძლებლობები და მასშტაბები;
დიაბაზი - სოლიდური მარაგებია ს.ს. ჯუთისა და როშკის მიდამოებში (სავარაუდო მარაგები 10 მლნ. მ3) მათ სამრეწველო გამოყენების დიდი პერსპექტივები გააჩნიათ;
მდინარე არაგვის სისტემა განაპირობებს ინერტული მასალების ქსელურ განვითარებას. ქვიშა-ხრეშის მოპოვებით მოწინავეა დუშეთის და მცხეთის მუნიციპალიტეტები.
რეგიონში ბევრგან არის დაზვერილი გრანიტების, პორფირიტების, გნეისების საბადოები, მაგრამ ისინი ძნელად მისადგომ ადგილებშია და ამიტომ მოპოვება არ სწარმოებს.


რეგიონის წყლის რესურსები მნიშვნელოვან როლს თამაშობს მის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში. ისინი წარმოდგენილია ტბებით, წყალსაცავებით, მდინარეებით, მყინვარებით და მიწისქვეშა წყლებით.
მდინარეთა ჩამონადენის (7244,3 მლნ.მ3) რეჟიმის მოსაწესრიგებლად, ირიგაციული, სასმელ-სამეურნეო მიწოდებისათვის შექმნილი ჟინვალის, სიონის, ნარეკვავის, ზაჰესის წყალსაცავები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ რეგიონში.
წყლის რესურსებში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მტკნარ, მიწისქვეშა წყლებს. ისინი ყოველწლიურად განახლებადია და გამორჩეულია სისუფთავით და დებეტის მუდმივობით. ამ წყლებით შესაძლებელია სასმელ-სამეურნეო წყალზე მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება და ჭარბი რესურსის მიღება.
მინერალურ წყლები ოთხივე მუნიციპალიტეტში გამოვლენილი (დაახლოებით 115 წყარო) წყლები გამოირჩევა ქიმიური შემადგენლობის მრავალფეროვნებით. მათი უმრავლესობის გეოგრაფიული მდებარეობა საშუალებას იძლევა, მათ ბაზაზე აშენდეს კურორტები, პანსიონები, დასასვენებელი სახლები და წყლის (როგორც მტკნარი, ასევე მინერალური) ჩამოსასხმელი საწარმოები.
რეგიონში გამავალი მდინარეები (მტკვარი, არაგვი, იორი, თერგი) მნიშვნელოვან ჰიდროენერგორესურსებს წარმოადგენს. მდინარე მტკვარზე აგებულია ზაჰესი, არაგვზე - ჟინვალჰესი, არაგვი ჰესი, იორზე - სიონჰესი; ყაზბეგის რაიონში (თერგი და შენაკადები) აშენდა 1 და იგეგმება კიდევ რამოდენიმე ახალი მცირე ჰესის მშენებლობა.
ძირითადი მდინარეები ამავე დროს ქმნიან ინერტული მასალების მნიშვნელოვან რესურსს. ამჟამად კარიერები ფუნქციონირებს არაგვზე, ქსანზე და იორზე.

რეგიონის საწარმოები (მზადდება )