მხარის ისტორია

მცხეთა-მთიანეთის რეგიონი ისტორიულ-გეოგრაფიული თვალსაზრისით შემდეგ პროვინციებს მოიცავს: ფშავი, ერწო-თიანეთი, მთიულეთი, ხევსურეთი, გუდამაყარი და ნაწილობრივ, ქსნისხევი.

ფშავი, დუშეთის რ-ში, ფშავის არაგვის ხეობაში მდებარეობს, ისტორიულად ის ხევსურეთთან ერთად ფხოვად იწოდებოდა. ეს მხარე უკვე პირველი საუკუნიდან ყოფილა დასახლებული. პირველად ფხოველები „მოქცევაი ქართლისაი“-ში არიან მოხსენიებულნი, როგორც ქრისტიანობის მიღების მოწინააღმდეგენი. ამ წინაღმდეგობის გამო ფხოველთა ნაწილი იძულებული გახდა თუშეთში გახიზნულიყო. XIII ს-ში ფხოველები და დიდოელები ხელისუფლებას განუდგნენ და ამბოხის ჩასახშობად, მეფის ლაშქარმა ეს მხარე მახვილით შემუსრა და გაანადგურა. ამ დროიდან მხარეს სახელიც ეცვლება და უკვე ფშავად მოიხსენიება.

ერწო-თიანეთი აღმოსავლეთ საქართველოში მდ. ივრის ზეგანზე მდებარეობს და მოიცავდა ქართლის სამეფოს ორ ცალკეულ ისტორიულ-გეოგრაფიულ რეგიონს - ერწოსა და თიანეთს. ეს ორი რეგიონი ადმინისტრაციულად კახეთის საერსთავოში შედიოდა და ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის გამო დიდი სტრატეგიული და ეკონომიკური მნიშვნელობა ენიჭებოდა. აქ გადიოდა ალბანეთთან და სომხეთთან დამაკავშირებელი სავაჭრო მაგისტრალის ერთ-ერთი განშტოება. XIIIს-ში ეს კუთხე არაერთხელ დალაშქრეს მონღოლებმა. XV ს-ში ის კახეთის სამეფოს სამოურავო გახდა. ეს მხარე, ძირითადად, მთიელი ქართველებით იყო დასახლებული, რაც იმით აიხსნება, რომ ფშავ-ხევსურეთის მოსახლეობის ეკონომიკური ინტერესები ძირითადად ერწო-თიანეთთან იყო დაკავშირებული.

მთიულეთი აღმ. საქართველოს მთიანეთშია და მოიცავს მდ. თეთრი არაგვის ხეობას. აქ ქრისტიანობა უქადაგია წმ. ნინოს. XIII ს-ში მთიულები აქტიურად მონაწილეობდნენ ხელისუფლების წინააღმდეგ ამბოხებული ფხოველებისა და დიდოელების დასამორჩილებელ ბრძოლებში. XIV ს-ში მთიულეთი ქსნისა და არაგვის ერისთავთა ბრძოლის ასპარეზი გახდა. ამ ტერიტორიას ჯერ ქსნის, მოგვიანებით კი, არაგვის ერისთავები განაგებდნენ 1742 წლამდე. აქ შემორჩენილია ფეოდალური ხანის მატერიალური კულტურის არაერთი ძეგლი.

ხევსურეთი აღმ. საქართველოს მთიანეთში, კავკასიონის ქედის ჩრდილოეთ და სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, რომელიც მას პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთად ჰყოფს. პირიქითა ხევსურეთი სამი (მიღმახევის, შატილისა და არხოტის), ხოლო პირაქეთა კი ერთი (არაგვის) ხეობისაგან შედგება. XV ს-მდე ის წყაროებში ფხოვად მოიხსენიება. ეს მხარე, საუკუნეების განმავლობაში, პოლიტიკური და ადმინისტრაციული სტატუსით სამეფო ხელისუფლებას ექვემდებარებოდა. ხევსურეთი ბარს იცავდა მომხვდური მოთარეშე რაზმების დარბევისაგან. ხევსურები მონაწილეობდნენ ასპინძისა და კრწანისის ბრძოლებში, მთიულეთსა და კახეთის აჯანყებებში. ხევსურეთში შემორჩენილია შუა საუკუნეების მატერიალური კულტურის ძეგლები: ხახმატის, ახიელის, ლებაისკარის ციხეები, შატილის, მუცოს, არდოტის, ხახაბოს ციხე-სოფლები, გუდანის და ანატორიის ჯვარი და ა.შ.

გუდამაყარი მდებარეობს მდ. გუდამაყრის არაგვის ხეობაში. გუდამაყარი ხევისაგან გამოყოფილია კავკასიონის ქედით, ხოლო ფშავ-ხევსურეთისაგან - გუდამაყრის ქედით. ამ ქედზე გადიოდა გვიანდელი ხანის ქართლისა და კახეთის სამეფოთა საზღვარი. გუდამაყრელებს ქართლის გაქრისტიანების ისტორიასთან მიმართებაში იხსენიებს ლეონტი მროველი (XI ს.). ამ მხარის ისტორიულ ძეგლთა შორის განსაკუთრებით მნიშნვნელოვანია ფეოდალური ხანის მახვილის ციხე და პირიმზის ფუძის ეკლესია სოფ. ჩოხში. გუდამაყრის ხეობაში გადიოდა საქართველოს თანამედროვე სამხედრო გზის ერთ-ერთი განშტოება, რომელიც არაგვის ხეობას ხევთან აკავშირებდა.

ქსნისხევი მოიცავს ქსნის ხეობასა და მის შენაკადებს. ქსნისხევი ისტორიულად შედიოდა ქართლის სამეფოს შემადგენლობაში ქსნის საერისთავოს სტატუსით და მას ქსნის ერისთავები მართავდნენ. სხვადასხვა დროს მის ადმინისტრაციულ ცენტრს წარმოადგენდა ქვენიფნევი, ლარგვისი და ახალგორი. ერისთავებს სასახლე და რეზიდენცია სოფ. იკორთაშიც ჰქონდათ.