მცხეთა–მთიანეთი ერთ–ერთი უმშვენიერესი და მრავალფეროვანი მხარეა. ჩრდილოეთით  ის ესაზღვრება რუსეთის ფედერაციის რესპუბლიკებს: ჩრდილოეთ ოსეთს, ინგუშეთსა და ჩეჩნეთს,  აღმოსავლეთით – კახეთის რეგიონს, სამხრეთით – ქვემო ქართლს, ხოლო დასავლეთით კი შიდა ქართლს.  ისტორიულ–გეოგრაფიული თვალსაზრისით რეგიონი მოიცავს შემდეგ პროვინციებს: ხევი, ერწო–თიანეთი, ფშავი, ხევსურეთი, მთიულეთი, გუდამაყარი და ნაწილობრივ, ქსნისხევი.

მხარის მშვენებაა კავკასიონის მთავარი ქედის თოვლიანი მთები 3500 მ–ის და 5000 მ–ის მწვერვალებითა და უღელტეხილებით, ულამაზესი ხეობა ტბებით და ალპური ველ–მინდვრები. განსაკუთრებით ლამაზია ხევისა და ხევსურეთის კავკასიონი, რომელიც ციცაბო ფერდობებით ეშვება არაგვის ვაკეზე და არაჩვეულებრივ პეიზაჟს ქმნის. საქართველოს სამხედრო გზაზე მდებარეობს განუმეორებელი სილამაზის ჯვრის უღელტეხილი, რომელიც ერთ–ერთია კავკასიონის ქედზე არსებული  რამდენიმე უღელტეხილიდან.

რეგიონი მდიდარის ჰიდრორესურსებით. ჰიდროგრაფიულ ქსელს ქმნიან მდინარეები: მტკვარი, არაგვი, ქსანი, თერგი და მათი შენაკადები. აღსანიშნავია ბუნებრივი ტბები და წყალსაცავები: ბაზალეთის ტბა, ლისის ტბა, ჯვრის ტბა, ჟინვალის წყალსაცავი, აბუდელაურის ტბები....

მხარე მდიდარია ტყის მასივებით, აქ გავრცელებულია შემდეგი ხის ჯიშები: წიფელი, მუხა, თელა, რცხილა და ა.შ.  

მცხეთა–მთიანეთის რეგიონი მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში.  მხარის ფართობი შეადგენს  6785 კვ.კმ-ს, რაც საქართველოს ტერიტორიის 10% –ს შეადგენს,  მოსახლეობა – 94.370 ათასს ( ქვეყნის მოსახლეობის 2,5%), მოსახლეობის სიმჭიდროვე 1 კვ.კმ-ზე – 18 კაცს.    

მხარეში შედის  შემდეგი თვითმმართველი ერთეულები: დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტები და თვითმმართველი ქალაქი მცხეთა.  რეგიონში სულ 480 სოფელი, 6 დაბა და 2 ქალაქია. 

დუშეთის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში შედის ქალაქი დუშეთი, 2 დაბა (ჟინვალი და ფასანაური) და 289 სოფელი.  მხარის  ფართობი მოიცავს – 2981, 5  ათას კვ.კმ–ს,  მოსახლეობის რაოდენობა 35786 ათასია.

თიანეთის მუნიციპალიტეტის საერთო ფართობი  906 კვ.კმ–ია, მოსახლეობის რაოდენობა14800 სულს შეადგენს. მუნიციპალიტეტში 2 დაბა (თიანეთი და სიონი) და 84 სოფელია.

მცხეთის მუნიციპალიტეტის ფართობი 636, 52 ათასი კვ.კმ–ია. მოსახლეობა – 57300 სულია. მუნიციპალიტეტი მოიცავს ერთ თვითმმართველ ქალაქს (ქ.მცხეთა) და 62 სოფელს.

რაც შეეხება ყაზბეგის მუნიციპალიტეტს, მისი ფართობი შეადგენს 1081,7 ათას კვ.კმ.–ს. მოსახლეობის რაოდენობა კი 6530 სულს, რომლებიც 1 დაბასა  (სტეფანწმინდა) და 45 სოფელში ცხოვრობენ .

 რეგიონულ დონეზე სახელმწიფოს აღმასრულებელ ხელისუფლებას წარმოადგენს სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი.  მხარის ადმინისტრაციული ცენტრია თვითმმართველი ქალაქი მცხეთა, რომელიც თავისი ისტორიულ–არქიტექტურული ღირებულებების გამო შესულია იუნესკოს  მსოფლიო კულტურის საგანძურში.