რწმუნებულის ადმინისტრაციაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეგიონული სამსახურების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის მონაწილეებმა გასულ წელს მცხეთა-მთიანეთში შესრულებული სამუშაოები შეაჯამეს და დაგეგმილი პროექტები განიხილეს. სამუშაო შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე მანანა ნარიმანიძე და რწმუნებულის ადმინისტრაციის სხვა ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.
 
აგრარული სექტორის განვითარების ხელშეწყობისადა ადგილობრივი მეწარმეებისა და ფერმერების მხარდაჭერის მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, მცხეთა-მთიანეთში სხვადასხვა მიზნობრივი პროგრამა განახორციელა და მომავალშიც განახორციელებს. მიმდინარე წლის განმავლობაში, რეგიონის მასშტაბით, 8 ახალი „საქმიანი ეზო“ მოეწყობა. უახლოეს პერიოდში დაიწყება ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა შატილში. მიმდინარეობს მუშაობა ახალი ტურისტული მარშრუტების დაგეგმვასა და პოპულარიზაციაზე. ასევე, დაგეგმილია ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა „საბადურის ტყის“ მიმდებარე ტერიტორიაზე.
 
2019 წლის განმავლობაში, მცხეთა-მთიანეთში, ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით დაახლოებით 91 მილიონი ლარის ღირებულების პროექტი და პროგრამა განხორციელდა. ადგილობრივმა მოსახლეობამ სხვადასხვა სოციალური სერვისითა და საშეღავათო პაკეტით ისარგებლა. მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა სამედიცინო ინფრასტრუქტურაც. აშენდა და რეაბილიტირდა ამბულატორიების შენობები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრები. მიმდინარე წელს სამედიცინო ინფრასტრუქტურა შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვება.
 
შეხვედრის ფარგლებში, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე რეგიონული სამსახურების წარმომადგენლებისთვის აქტუალურ საჭიროებებს გაეცნო. ერთობლივად იმსჯელეს არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე.