მხარის რწმუნებულმა საქსტატის ხელმძღვანელ პირებს უმასპინძლა

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ხელმძღვანელ პირებს უმასპინძლა. შეხვედრის მიზანს რეგიონის ხელისუფლებისთვის საქსტატის პრიორიტეტების გაცნობა და ადგილობრივი საჭიროებების გამოკვეთა წარმოადგენდა.
 
შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები, მცხეთა-მთიანეთში შემავალი მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები, შესაბამისი რეგიონული სამსახურების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.
 
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ საქსტატის მიზნები და სამომავლო გეგმები განიხილა. შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს რეგიონული სტატისტიკური მონაცემების გამოყენების მნიშვნელობაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
 
„საინფორმაციო შეხვედრის ფორმატში სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საქმიანობის მიზნებზე და ამოცანებზე დეტალური ინფორმაცია მივიღეთ. ყურადღება გამახვილდა საქსტატის სამომავლო პრიორიტეტებზე, რომელიც ადგილობრივ საჭიროებებზე კიდევ უფრო მეტად იქნება მორგებული. ასევე ვისაუბრეთ მხარეებს შორის მჭიდრო კომუნიკაციის მნიშვნელობაზე“ - აღნიშნა შეხვედრაზე მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ.