მცხეთა-მთიანეთში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნა

მცხეთა-მთიანეთი წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის აღნიშვნას შეუერთდა. რეგიონის მასშტაბით სხვადასხვა ლიტერატურული, მხატვრული, კულტურული და შემეცნებითი ღონისძიება გაიმართა.

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, ლიტერატურისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებთან ერთად, გუდამაყრის ხეობაში, გოდერძი ჩოხელის მუზეუმში გამართულ ღონისძიებას დაესწრო. ახალგაზრდებმა გოდერძის შემოქმედებიდან ნაწყვეტები წაიკითხეს. წარმოდგენილი იქნა ლიტერატურული ინსცენირება მწერლის ნაწარმოებების მიხედვით.

შალვა კერესელიძე წიგნის საჯაროდ კითხვის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას ყაზბეგის მუნიციპალიტეტშიც დაესწრო. ადგილობრივმა ახალგაზრდებმა და პოეტებმა ცნობილი მწერლების ნაწარმოებებიდან ამონარიდები წაიკითხეს. მოხევე პოეტებმა აუდიტორიას საკუთარი შემოქმედებაც გააცნეს.

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე საქართველოში, უკვე მეხუთედ, წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის პარტნიორი ორგანიზაციის „Litworld” ინიციატივით იმართება.