შალვა კერესელიძე თიანეთში გამართულ საერთო კრებებს დაესწრო

მცხეთა-მთიანეთში, სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს. საერთო კრებებზე ადგილობრივების მიერ შერჩეული პროექტები, რეგიონის მასშტაბით, 450-მდე დასახლებაში განხორციელდება. სამუშაოებზე ჯამში 5 მილიონამდე ლარი დაიხარჯება.
 
მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, თიანეთის მუნიციპალიტეტის მერთან თამაზ მეჭიაურთან ერთად, ჩეკურაანთგორის, სიმონიანთხევისა და ღულელების ადმინისტრაციულ ერთეულებში გამართულ შეხვედრებს დაესწრო.
 
საერთო კრებებზე პრიორიტეტულ საჭიროებებად საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა, წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაცია და გარე განათებების მონტაჟი დასახელდა. სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, სამივე ადმინისტრაციულ ერთეულში დაახლოებით 250 000 ლარის ღირებულების სამუშაოები განხორციელდება.
 
სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ქართული სოფლების კიდევ უფრო გაძლიერებას და განვითარებას. პროგრამას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს.