მხარის რწმუნებული ყაზბეგში გამართულ საერთო კრებებს დაესწრო

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, 2020 წელს, სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამით პროექტები 450-მდე სოფელში დაფინანსდება. სამუშაოებზე დაახლოებით 5 მილიონი ლარი დაიხარჯება. განსახორციელებელ პროექტებს ადგილობრივი მოსახლეობა ტრადიციულად საერთო კრებებზე ირჩევს.
 
მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერთან ალექსანდრე ზაგაშვილთან ერთად, სიონში, აჩხოტსა და სნოში გამართულ საერთო კრებებს დაესწრო.
 
შეხვედრებზე, ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ხელისუფლების წარმომადგენლებს მათთვის პრიორიტეტული საჭიროებები გააცნეს და სასურველ პროექტებს მხარი ხმათა უმრავლესობით დაუჭირეს.
 
სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში, მცხეთა-მთიანეთში საერთო კრებები უკვე რამდენიმე დღეა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.