შალვა კერესელიძემ 2019 წლის შემაჯამებელი ანგარიში წარმოადგინა

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა 2019 წლის შემაჯამებელი ანგარიში წარმოადგინა. შალვა კერესელიძემ დეტალურად განიხილა რეგიონში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები. ასევე, ისაუბრა სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის, ჯანდაცვისა და სოციალურ სექტორში შესრულებულ სამუშაოებზე. პრეზენტაციის ფარგლებში, მხარის რწმუნებულმა, რეგიონში მიმდინარე პროცესებში აქტიურად ჩართულ უწყებებს, მათ თანამშრომლებს, მედიცინის, განათლების, კულტურისა და ხელოვნების სფეროს თვალსაჩინო წარმომადგენლებს მადლობის სიგელები გადასცა.
 
2019 წელს, მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მასშტაბით 775 პროექტი განხორციელდა. სამუშაოებზე ჯამურად 257 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. დაიგო დაახლოებით 182 კმ სიგრძის ასფალტის საფარი. აშენდა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა ამბულატორიისა და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების 20 შენობას. წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით 38 მსხვილი პროექტი განხორციელდა. მცხეთაში მცხოვრები 120 დევნილი ოჯახისთვის 2 საცხოვრებელი კორპუსი აშენდა. გაიხსნა საზოგადოებრივი ცენტრები სოფელ მუხრანსა და ქალაქ დუშეთში. სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობის მიერ შერჩეული პროექტები 520-ზე მეტ სოფელში დაფინანსდა.
 
2019 წელს, მცხეთა-მთიანეთში გაუმჯობესდა საგანმანათლებლო, კულტურის, დასასვენებელი და ტურისტული ინფრასტრუქტურაც. აშენდა გოდერძი ჩოხელის მუზეუმი სოფელ ჩოხში და მოეწყო დავით გურამიშვილის სახელობის პარკი სოფელ საგურამოში. კეთილმოეწყო ანანურის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორია. დაიწყო ისტორიული უბნების ურბანული განახლება ქალაქ დუშეთში და ალექსანდრე ყაზბეგის მუზეუმის რეაბილიტაცია დაბა სტეფანწმინდაში. აქტიურად განხორციელდა დაბა თიანეთის კულტურის სახლისა და ქალაქ მცხეთის არქეოლოგიური მუზეუმის სარესტავრაციო სამუშაოები. რეაბილიტირდა დუშეთის მუნიციპალიტეტში არსებული სკოლა-პანსიონები. აშენდა და გარემონტდა საბავშვო ბაღები და საჯარო სკოლები. მოეწყო 20-მდე პარკი და მინი სტადიონი.
 
მაღალმთიანი დასახლებების გასაძლიერებლად, გასულ წელს, რეგიონში მნიშვნელოვანი სამუშაოები შესრულდა. დაიწყო სათემო ინტერნეტიზაცია, რომლის ფარგლებში ფშავის, ხევსურეთისა და გუდამაყრის ხეობები მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით ეტაპობრივად იფარება. აშენდა მცირე ჰესები სოფელ ახიელსა და სოფელ შატილში. უშუქოდ დარჩენილ სოფლებში მუდმივად მცხოვრებ 73 ოჯახს თანამედროვე მზის პანელები გადაეცა. აშენდა და შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვა რძის გადამამუშავებელი საწარმო სოფელ შუაფხოში. გაუმჯობესდა სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურა.
 
სოფლის მეურნეობის კიდევ უფრო განვითარებისა და ჯანდაცვის სფეროში მომსახურების ხარისხის ამაღლების მიზნით, მცხეთა-მთიანეთში 40 სახელმწიფო პროგრამა და პროექტი განხორციელდა. რეგიონის მცხოვრებლებმა წლის განმავლობაში სხვადასხვა სოციალური სერვისითა და საშეღავათო პაკეტით ისარგებლეს. ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტიდან მოსახლეობის მხარდასაჭერად 9 მილიონამდე ლარი გამოიყო.
 
მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ, შეკრებილი საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, შესრულებული სამუშაოების შედეგები შეაფასა.
 
შემაჯამებელი ანგარიშის წარდგენას დაესწრნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი თემურ კეკელიძე, მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე, პარლამენტის დეპუტატი ირაკლი ტრიპოლსკი და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები.
 
მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მცხოვრებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ ღონისძიებას დასწრებოდნენ და მათთვის მნიშვნელოვან კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიეღოთ.