დუშეთში საჯარო სკოლების პანსიონებს რეაბილიტაცია ჩაუტარდა

დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მაღაროსკარში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საჯარო სკოლის პანსიონი გაიხსნა. განხორციელებული სამუშაოების შედეგად, შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და ენერგოეფექტურობის პრინციპის შესაბამისად მოეწყო. პროექტის ფარგლებში კეთილმოეწყო დაწესებულების ეზოც. 80 მოსწავლეზე გათვლილი პანსიონის შენობა 1976 წელს აშენდა.

ახალრეაბილიტირებული პანსიონი მოინახულეს და შესრულებული სამუშაოების შედეგები შეაფასეს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ სეხნიაშვილმა.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა ახალგარემონტებული პანსიონი მოინახულეს სოფელ ბარისახოშიც. საჯარო სკოლების პანსიონების რეაბილიტაცია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან დაფინანსდა. სამუშაოებზე ჯამურად 618 676 ლარი დაიხარჯა.

გასულ წელს, სარემონტო სამუშაოები ასევე განხორციელდა მაღაროსკარისა და ბარისახოს საჯარო სკოლებში. დაწესებულებებში, ამ ეტაპზე, განათლებას 107 მოსწავლე იღებს. აქედან 17 პანსიონების ბენეფიციარია. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა აღსაზრდელებს საჩუქრად ტკბილეული მიუტანეს და განვლილი დღესასწაულები მიულოცეს.