დუშეთში, ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ

დუშეთის მუნიციპალიტეტში, 113 მასწავლებელს მადლობის სიგელი გადაეცა. პედაგოგებმა პროფესიული საქმიანობა დაასრულეს და სახელმწიფოსგან, ფულადი ჯილდოს სახით, 2 წლის ჯამური ხელფასი მიიღეს. ისინი, სიცოცხლის ბოლომდე, ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტითაც ისარგებლებენ.

ღვაწლმოსილი მასწავლებლებისთვის, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინიციატივითა და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, გამოსამშვიდობებელი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ინაშვილი და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი დავით ოსეფაშვილი დაესწრნენ.

„მასწავლებლობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროფესიაა. ოჯახთან და სახელმწიფოსთან ერთად, სწორედ მასწავლებლები იზიარებენ პასუხისმგებლობას თაობების ჯანსაღ განვითარებასა და მათთვის სათანადო განათლების მიცემაზე. თქვენ ამ საქმეს მრავალი ათეული წლის განმავლობაში აკეთებდით და მჯერა, დაკისრებულ მოვალეობას თავი ღირსეულად გაართვით. მინდა, გაწეული შრომისთვის მადლობა გადაგიხადოთ, სიკეთე, ჯანმრთელობა და დღეგრძელობა გისურვოთ“ - აღნიშნა მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას შალვა კერესელიძემ.