ქალაქ მცხეთაში, საახალწლო ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო

25 დეკემბერს, ქალაქ მცხეთაში, საახალწლო ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო.
 
ნაძვის ხის ანთების ღონისძიებას, ადგილობრივ ახალგაზრდებთან და მოსახლეობასთან ერთად, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი კაპანაძე დაესწრნენ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა მცხეთიდან რეგიონისა და სრულიად საქართველოს მოსახლეობას დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს.
 
„მინდა, ჩვენი რეგიონისა და ქვეყნის მოსახლეობას დამდეგი ახალი წელი მივულოცო. ბედნიერების, სიკეთისა და წარმატების მომტანი იყოს 2020 წელი თითოეული მოქალაქისთვის. გისურვებთ ჯანმრთელობას და დღეგრძელობას“ - აღნიშნა მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ საახალწლო მილოცვაში.
 
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა კონცერტი ადგილობრივი ანსამბლების მონაწილეობით. სპეციალურად პატარებისთვის ანიმატორების შოუც მოეწყო.