შალვა კერესელიძე ყაზბეგის მერის ანგარიშის წარდგენას დაესწრო

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს განხორციელებული სამუშაოების ანგარიშის წარდგენას დაესწრო.
 
ანგარიში ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე ზაგაშვილმა წარმოადგინა. სხდომას ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ სეთურიძე, თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელი პირები და მოსახლეობა ესწრებოდნენ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ადგილობრივებთან ერთად, შესრულებული სამუშაოების შედეგები შეაფასეს და სამომავლო გეგმები განიხილეს.
 
მიმდინარე წლის დასაწყისში, სოფელ ყანობში, ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბაღი შენდება დაბა გუდაურშიც. აღსანიშნავია, რომ ამ დასახლებებში საბავშვო ბაღებს არასოდეს უფუნქციონირია. გრძელდება დაბა სტეფანწმინდის #1 საჯარო სკოლის ეზოსა და სპორტული მოედნის მოწყობა.
 
ექსპლუატაციაში შევიდა 2 ახალი საავტომობილო ხიდი. რეაბილიტაცია ჩაუტარდა სიონისა და გარბანის დამაკავშირებელ ხიდს და აშენდა ახალი ხიდი სოფელ ყანობში. ამ ეტაპზე, მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც გორისციხის თემის სოფლებს - ფხელშეს, ტყარშეტსა და გორისციხეს სოფელ ვარდისუბანთან დააკავშირებს. დასრულების ეტაპზეა კობათუბნის ნაპირსამაგრების მოწყობა სოფელ სიონში.
 
მუნიციპალიტეტის მასშტაბით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა საგზაო ინფრასტრუქტურა და წყალმომარაგება. მოასფალტდა შიდა გზები სოფლებში - სნო, სიონი, არშა, ფანშეტი და დაბა სტეფანწმინდა. რეაბილიტაცია ჩაუტარდა ყანობის ხიდამდე მისასვლელ გზას. მოეწყო წყალმომარაგებისა და კანალიზაციის ქსელი სოფელ ხურთისში, დამონტაჟდა სათავე და გამწმენდი ნაგებობები. ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდა წყალმომარაგების სისტემებს სოფლებში - სიონი, აჩხოტი, კარკუჩა და ახალციხე.
 
შენდება საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი დაბა სტეფანწმინდაში. გარემონტდა ამბულატორიების შენობები სოფლებში - სნო, სიონი და გორისციხე.
 
მიმდინარეობს მრავალსართულიანი საერთო საცხოვრებელი კორპუსების რეაბილიტაცია დაბა სტეფანწმინდაში და სოფელ არშაში. სრული რეაბილიტაცია უტარდება ადმინისტრაციის შენობას სტეფანწმინდაში.
 
ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სნოს ადმინისტრაციულ ერთეულში, 6.5 კმ სიგრძის სადრენაჟე არხი გაიწმინდა. შედეგად, ჭარბი წყლისგან 45 ჰექტარი მიწის ფართობი გათავისუფლდა და მისი სასოფლო-სამეურნეო მიზნებისთვის გამოყენება გახდა შესაძლებელი. ასევე, გაიმართა დასუფთავების მასშტაბური აქცია ყაზბეგის ეროვნულ პარკში. რამდენიმე დღიანი აქციის ფარგლებში საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაიწმინდა მყინვარწვერის მიმდებარე ტერიტორია.
 
2019 წელს, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სხვადასხვა სოციალური და ჰუმანიტარული პროექტიც განხორციელდა. ადგილობრივი თვითმმართველობის ფინანსური მხარდაჭერით ისარგებლეს მრავალშვილიანმა და სოციალურად შეჭირვებულმა ოჯახებმა, ხანდაზმულმა მოქალაქეებმა, სპეციალური საჭიროებების მქონე და ქრონიკული დაავადებების მატარებელმა პირებმა. მუნიციპალიტეტმა სოციალური შემწეობის მიმღები, ოთხი და მეტშვილიანი ოჯახების შვილებს და ობოლ ახალგაზრდებს, ბაკალავრისა და მაგისტრატურის საფეხურზე, სწავლა 80 %-ით დაუფინანსა.
 
სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამით, ყაზბეგში, მოსახლეობის მიერ შერჩეული პროექტები 35-მდე დასახლებაში განხორციელდა. რეაბილიტაცია ჩაუტარდა წყალმომარაგების სისტემებს და საგზაო ინფრასტრუქტურას, მოეწყო სკვერები და სპორტული მოედნები და სხვა აუცილებელი სამუშაოები შესრულდა. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფლებისთვის გამოყოფილმა თანხამ 350 000 ლარს გადააჭარბა.
 
2020 წლის საბიუჯეტო პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელმა პირებმა ღია შეხვედრები გორისციხის, სნოს, სიონისა და სტეფანწმინდის ადმინისტრაციულ ერთეულებში გამართეს. ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობის საჭიროებები დეტალურად მოისმინეს, მათთან ერთად არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე იმსჯელეს და მხარდაჭერა აღუთქვეს.
 
მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად, მომავალი წლის სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე აქტიურად მუშაობს. პრიორიტეტულ მიმართულებებს მუნიციპალიტეტის მასშტაბით საგზაო ინფრასტრუქტურისა და წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაცია, დასასვენებელი სივრცეების კეთილმოწყობა, კანალიზაციის ქსელის მოწყობა და გამწმენდი ნაგებობების მონტაჟი წარმოადგენს.