მხარის რწმუნებულმა მცხეთაში რეაბილიტირებული გზები მოინახულა

მიმდინარე წელს, მცხეთის მუნიციპალიტეტში, საგზაო ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. მოასფალტდა შიდა საუბნო და დასახლებებს შორის დამაკავშირებელი გზები. სამუშაოების ძირითადი ნაწილი უკვე დასრულდა, ნაწილიც უახლოეს პერიოდში დასრულდება.
 
კეთილმოწყობილი გზები მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერთან გიორგი კაპანაძესთან და მერის მოადგილესთან ოთარ ჩხეიძესთან ერთად მოინახულა.
 
მოასფალტდა საგზაო ინფრასტრუქტურა სოფლებში - ჩარდახი, გოროვანი, ძალისი, ვაზიანი, ნავაზი, გალავანი, ძეგვი, მისაქციელი, წიწამური, ნაფეტვრები, წინამძღვრიანთკარი, ვარდისუბანი, პატარა ქანდა, ფრეზეთი და წილკანი. ეტაპობრივად უტარდება რეაბილიტაცია ქალაქ მცხეთის შიდა გზებს. მოეწყო წიწამური-საგურამო-ცხვარიჭამიის 11 კმ-იანი და ზედაზენის მონასტერთან მისასვლელი 6 კმ-იანი საგზაო მონაკვეთები. ამ ეტაპზე ასფალტირების სამუშაოები მიმდინარეობს წეროვანის დევნილთა დასახლებაში.
 
სარეაბილიტაციო-კეთილმოწყობის სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ადგილობრივი ბიუჯეტების დაფინანსებით განხორციელდა.