შალვა კერესელიძე თიანეთში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ, თიანეთის მუნიციპალიტეტის მერთან თამაზ მეჭიაურთან და მერის პირველ მოადგილესთან თამაზ იარაჯულთან ერთად, მუნიციპალიტეტში მიმდინარე და განხორციელებული პროექტები მოინახულა. ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილზე არსებულ ვითარებას დეტალურად გაეცნენ. მათ შესრულებული სამუშაოების ეფექტიანობაც შეაფასეს.
 
დასრულდა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მშენებლობა დაბა თიანეთში. გარემონტდა სოფელ ნაქალაქარში არსებული ამბულატორია. აქტიურად გრძელდება თიანეთის კულტურის სახლის რეაბილიტაცია. პროექტის ფარგლებში შენობა სრულად განახლდება და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა. დასრულების ეტაპზეა მრავალსართულიანი საერთო საცხოვრებელი კორპუსების რეაბილიტაცია დაბა თიანეთში. ასევე, მიმდინარეობს სანიაღვრე არხების მოწყობა სოფელ ჟებოტაში და დაბა თიანეთში. ეტაპობრივად უმჯობესდება საგზაო ინფრასტრუქტურა მუნიციპალიტეტის მასშტაბით.
 
„თიანეთის მუნიციპალიტეტში, მიმდინარე წელი საკმაოდ ნაყოფიერი იყო. სახელმწიფოს დაფინანსებით ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა და ხორციელდება. აშენდა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა საბავშვო ბაღებს. მოეწყო მინი სტადიონები საჯარო სკოლებში. გაუმჯობესდა სამედიცინო და საგზაო ინფრასტრუქტურა. რამდენიმე თვეში თიანეთს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კულტურის ცენტრიც ექნება. ვაგრძელეთ მუშაობას ხელისუფლების შესაბამის უწყებებთან ერთად. ჩვენი მიზანია მომავალი წელი მუნიციპალიტეტისთვის კიდევ უფრო აქტიური იყოს“ - აღნიშნა მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ.