რწმუნებულმა დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის ანგარიში მოისმინა

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, დუშეთის მუნიციპალიტეტში 2019 წელს განხორციელებული სამუშაოების ანგარიშის წარდგენას დაესწრო.
 
ანგარიში დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ სეხნიაშვილმა წარმოადგინა. სხდომას ასევე ესწრებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ინაშვილი, თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელი პირები და ადგილობრივი მოსახლეობა.
 
მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან და მოსახლეობასთან ერთად, მუნიციპალიტეტის მასშტაბით შესრულებული სამუშაოების შედეგები შეაფასა. ერთობლივად იმსჯელეს არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე. განიხილეს მომავალი წლის სამოქმედო გეგმის პრიორიტეტები.
 
მიმდინარე წელს, ქალაქ დუშეთში და მუნიციპალიტეტში შემავალ ადმინისტრაციულ ერთეულებში საგანმანათლებლო, სამედიცინო, ტურისტული და საგზაო ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერის მიზნით განხორციელდა სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამა და პროექტი. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების შესაბამისი უწყებები კოორდინირებულად მუშაობენ, რათა რეგიონის მთიანი დასახლებები კიდევ უფრო გაძლიერდეს და დაწყებული მიგრაციის პროცესი შეჩერდეს.
 
რამდენიმე თვეა აქტიურად მიმდინარეობს მთის ინტერნეტიზაცია. პროგრამის ფარგლებში, ფშავის, ხევსურეთისა და გუდამაყრის ხეობები მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით ეტაპობრივად იფარება. მიღებული სიკეთით ჯამში 80 სოფლის მოსახლეობა ისარგებლებს.
 
რეაბილიტაცია ჩაუტარდა დუშეთში არსებულ სკოლა-პანსიონებს. ამასთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, შატილში დამწვარი სკოლა-პანსიონის ნაცვლად ახალი სკოლა აშენდება. ამ ეტაპზე საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს. პანსიონის მოსწავლეებისთვის სასადილოს მშენებლობაც დასრულდა.
 
აშენდა გოდერძი ჩოხელის მუზეუმი სოფელ ჩოხში. 2-სართულიან შენობაში ორი საგამოფენო დარბაზი, ბიბლიოთეკა და გოდერძი ჩოხელის პირადი კაბინეტი განთავსდება. რეაბილიტაცია ჩაუტარდა ზანდუკის საჯარო სკოლას. ეტაპობრივად უმჯობესდება საგზაო ინფრასტრუქტურა. დაგეგმილია გუდამაყრის გზის სრული რეაბილიტაცია.
 
მიმდინარეობს მცირე ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა შატილსა და ახიელში. ახალი ჰესები ადგილობრივი მოსახლეობის 24-საათიან ელექტრომომარაგებას უზრუნველყოფს. მაღალმთიან სოფლებში მუდმივად მცხოვრებ ოჯახებს, რომელთაც ელექტროენერგია არ მიეწოდებათ, თანამედროვე მზის პანელები გადაეცათ.
 
უახლოეს დღეებში დასრულდება 1.5 ტონა წარმადობის რძის გადამამუშავებელი საწარმოს აღჭურვა სოფელ შუაფხოში.
 
დასრულდა ამბულატორიების მშენებლობა შუაფხოსა და ახიელში. რეაბილიტაცია ჩუტარდა შატილის, ბარისახოს, გრემისხევის, ქვეშეთის, ბაზალეთისა და მჭადიჯვარის ამბულატორიებს. შენდება საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრები ქალაქ დუშეთში და დაბა ფასანაურში.
 
რამდენიმე კვირის წინ, ქალაქ დუშეთში, საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა. ცენტრში თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი ციფრული და ბეჭდური ბიბლიოთეკა, სამკითხველო და საკონფერენციო დარბაზები განთავსდა. მოსახლეობას ადგილიდან გაუსვლელად შეუძლია სახელმწიფო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი სერვისის სწრაფად და კომფორტულ გარემოში მიღება და 24-საათიანი უფასო, უკაბელო ინტერნეტით სარგებლობა.
 
გრძელდება ისტორიული უბნების განახლება დუშეთში. პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე აშენებულ 40 ისტორიულ სახლს, რომელთაგან 24-ს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი აქვს მინიჭებული. გათვალისწინებულია გზის საფარის, ტროტუარებისა და გარე განათებების მოწყობაც.
 
კეთილმოეწყო ანანურის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორია და ძველი სავაჭრო დახლების ნაცვლად თანამედროვე ჯიხურები განთავსდა. ასევე, დაიგო ასფალტის საფარი, მოეწყო ტურისტული ინფრასტრუქტურა და პარკირების სივრცე.
 
გასულ თვეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში 2 ახალი პარკი გაიხსნა. მოეწყო ახალი პარკი სოფელ ციხისძირში და რეაბილიტაცია ჩაუტარდა არსებულ პარკს დაბა ჟინვალში.
 
რეაბილიტაცია უტარდება ჟინვალი-ბარისახო-შატილისა და როშკა-არხოტის გზებს. მოასფალტდა შიდა ქუჩები ქალაქ დუშეთში და სოფელ ანანურში. ასევე, ბაზალეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფლების - საკრამულისა და ჩანადირთკარის დამაკავშირებელი გზა მოეწყო. ეტაპობრივად მიმდინარეობს წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაცია მუნიციპალიტეტის მასშტაბით.
 
გრძელდება სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მოსახლეობის მიერ შერჩეული პროექტების განხორციელება. რეაბილიტაცია უტარდება წყალმომარაგების სისტემებს, მიმდინარეობს საგზაო და სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა, გარე განათების მონტაჟი და სხვა აუცილებელი სამუშაოები.
 
მომავალი წლის საბიუჯეტო პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირები მოსახლეობასთან შეხვედრებს, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ინტენსიურად მართავდნენ. შეხვედრებზე ადგილობრივებმა ძირითად საჭიროებებად საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა და წყალმომარაგების გაუმჯობესება დაასახელეს და ხელისუფლების წარმომადგენლებისგან მხარდაჭერის პირობა მიიღეს.
 
მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, სახელმწიფოს შესაბამის უწყებებთან ერთად მუშაობს, რათა განსახორციელებელი პროექტები ადგილობრივ საჭიროებებს მოერგოს და მოსახლეობას მაქსიმალაური სარგებელი მოუტანოს.