საგურამოში ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით ახალი პარკი გაიხსნა

მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ საგურამოში, დავით გურამიშვილის ძეგლი და მისივე სახელობის პარკი გაიხსნა. 2 ჰექტარი მიწის ფართობზე გაშენებულ პარკში სპორტული მოედანი, ამფითეატრი და საბავშვო გასართობი სივრცე მოეწყო. ადგილობრივი მოსახლეობა კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურით უკვე სარგებლობს. სამუშაოები სრულად დააფინანსა საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ და მისმა ღირებულებამ დაახლოებით 800 000 ლარი შეადგინა.
 
ახალგახსნილი პარკი, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად მოინახულეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარმა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ირინე აბულაძემ, ფონდი „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარემ ნიკოლოზ ჩხეტიანმა, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ, მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი კაპანაძემ. ღონისძიების ფარგლებში ფონდი "ქართუს" მიერ ის მოსწავლეებიც დაჯილდოვდნენ, რომლებმაც დავით გურამიშვილის შემოქმედებაზე ესეები მოამზადეს და სპეციალურ კონკურსში გაიმარჯვეს.
 
აღსანიშნავია, რომ სივრცე, სადაც ახალი პარკი მოეწყო, ათეულობით წლის განმავლობაში სამხედრო მიზნებისთვის გამოიყენებოდა. ბოლო პერიოდში აღნიშნული ტერიტორია მიტოვებულ და უფუნქციო ადგილად იქცა.