საგურამოში ილია ჭავჭავაძის 182 წლის იუბილე აღინიშნა

დღეს, ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 182 წელი შესრულდა. ქართველი მწერლის, პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის ხსოვნის პატივსაცემად საგურამოს სახელმწიფო მუზეუმში ღონისძიება გაიმართა. წელს, უკვე მეჩვიდმეტედ გაიცა ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმისა და „ილიას ფონდის“ თაოსნობით დაარსებული პრემია „საგურამო“ და ილიას მედალი „მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა“. პრემია „საგურამო“ მწერლებს,მთარგმნელებს, ხელოვნების სფეროსა და ჰუმანიტარული მეცნიერებების წარმომადგენლებს გადაეცათ. ქართული კულტურისა და სულიერების წინაშე გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის, ილიას მედლით ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი ისაია დაჯილდოვდა.

ღონისძიებას მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე დაესწრო და შეკრებილ საზოგადოებას ილია ჭავჭავაძის 182 წლის იუბილე მიულოცა.

„დღეს, ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 182 წელი შესრულდა. მინდა, ყველას მოგილოცოთ ეს დღე. ილიას განსაკუთრებულად უყვარდა საკუთარი ხალხი და სამშობლო. საქართველოს გაერთიანება, კიდევ უფრო განვითარება და გაძლიერება ცხოვრების მთავარ მიზანს წარმოადგენდა. პატრიოტული იდეებითაა განმსჭვალული მისი შემოქმედებაც. ილია ჭავჭავაძის წვლილი ქართულ მწერლობაში, პუბლიცისტიკაში და მთლიანად ქვეყნის ისტორიაში უმნიშვნელოვანესია. იგი იყო, არის და იქნება ჩვენი ერის სიამაყე“ - აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ.