ღია შეხვედრები თიანეთის მოსახლეობასთან გაიმართა

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გიგლა ფოცხვერაშვილი, მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი გიორგი მოსიძე და თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი თამაზ მეჭიაური, დაბა თიანეთში, ხევსურთსოფელში და ნაქალაქარში იმყოფებოდნენ. მათ ადგილობრივი საჭიროებების შესახებ უშუალოდ მოსახლეობისგან მიიღეს ინფორმაცია. ისაუბრეს მიმდინარე და განხორციელებულ პროექტებზე.
 
მიმდინარე წელს, დაბა თიანეთში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი აშენდა. სრული რეაბილიტაცია უტარდება დაბაში არსებულ კულტურის სახლს. დასრულების ეტაპზეა მრავალსართულიანი საერთო საცხოვრებელი კორპუსების რეაბილიტაცია. მიმდინარეობს დაბა თიანეთის, ხევსურთსოფელისა და ნაქალაქარის საჯარო სკოლების რემონტი. მოეწყო ხევსურთსოფელისა და დაბა თიანეთი-სოფელი ჭურჭელაურების დამაკავშირებელი გზები. ასევე, ეტაპობრივად მიმდინარეობს შიდა გზების მოასფალტება დაბა თიანეთში. მოსახლეობა „მაღალმთიანი დასახლებების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეღავათებითაც სარგებლობს.
 
ადგილობრივებმა, ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე იმსჯელეს და მხარდაჭერის პირობა მიიღეს. შეხვედრებზე ძირითად პრიორიტეტებად საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა და წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაცია დასახელდა.
 
ღია შეხვედრები მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მოსახლეობასთან უკვე რამდენიმე თვეა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.