ხელისუფლების წარმომადგენლებმა რეგიონში სამუშაო შეხვედრები გამართეს

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სოზარ სუბარმა და მისმა მოადგილემ ნუგზარ კაკულიამ, დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, დუშეთში, ყაზბეგში და თიანეთში სამუშაო შეხვედრები გამართეს. შეხვედრებს მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები დაესწრნენ.
 
ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილობრივი მოსახლეობისთვის აქტუალური საკითხები, მათ შორის, ღია შეხვედრებზე წამოჭრილი საჭიროებები განიხილეს და აღნიშნული საკითხების მოგვარების გზებზე იმსჯელეს. ძირითად პრიორიტეტებად გზების მოასფალტება, წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაცია, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და მიწის ნაკვეთების რეგისტრაცია დასახელდა. მუნიციპალიტეტებში ამ მიმართულებით მუშაობა ეტაპობრივად მიმდინარეობს.
 
მიმდინარე წელს, დუშეთში, ყაზბეგში და თიანეთში, საგზაო, ტურისტული და სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი სამუშაოები ხორციელდება. შენდება და რემონტდება საბავშვო ბაღები, სკოლები, ამბულატორიები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრები. პროექტების ძირითადი ნაწილი დასრულდა, ნაწილიც დასრულების ეტაპზეა. რეაბილიტირდა წყალმომარაგების სისტემები. მიმდინარეობს სათემო ინტერნეტიზაცია, რომლის ფარგლებში, მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით ფშავის, ხევსურეთისა და გუდამაყრის ხეობები დაიფარება. ასევე, აქტიურად მიმდინარეობს კულტურის სახლების რეაბილიტაცია.
 
მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების შესაბამის უწყებებთან ერთად კოორდინირებულად მუშაობს, რათა 2020 წელი რეგიონის მოსახლეობისთვის კიდევ უფრო მეტი სიკეთის მომტანი იყოს.