მხარის რწმუნებული დევნილი მოსახლეობის საჭიროებებს გაეცნო

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ადგილობრივ თვითმმართველობებთან მჭიდრო კომუნიკაციას აგრძელებს. მხარის რწმუნებული შალვა კერესელიძე, მოადგილესთან გიგლა ფოცხვერაშვილთან ერთად, ამჯერად, ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლებს შეხვდა.
 
სამუშაო შეხვედრაზე, წეროვანის, წილკანისა და ფრეზეთის დევნილთა დასახლებებში მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებებზე და არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. ასევე, განიხილეს მიმდინარე პროექტები და დღემდე შესრულებული სამუშაოების ეფექტიანობა შეაფასეს.
 
ფრეზეთში საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა. დასრულების ეტაპზეა ეზოს მოწყობაც. დაწესებულება 2 სააღმზრდელო ჯგუფზეა გათვლილი. კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურით სარგებლობას ფრეზეთსა და მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ბავშვები უახლოეს პერიოდში შეძლებენ. ფრეზეთის დევნილთა დასახლებაში დაგეგმილია სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია. დაიწყო სკვერისა და სპორტული მოედნის მოწყობა წილკანში. დასახლებაში მრავალფუნქციური დარბაზიც შენდება. წეროვანის დევნილთა დასახლებაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მინი სტადიონი გაიხსნა. მიმდინარეობს სანიაღვრე არხების მოწყობა. ასევე, დაგეგმილია შიდა გზების მოასფალტება. ამ ეტაპზე, შესასრულებელ სამუშაოებზე ტენდერია გამოცხადებული. სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, წეროვანში, წილკანსა და ფრეზეთში მოსახლეობის მიერ შერჩეული პროექტების განხორციელება მიმდინარეობს.
 
შალვა კერესელიძემ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, 2020 წლის სამოქმედო გეგმის პრიორიტეტებიც განიხილა და მათ სამომავლო საქმიანობაში მხარდაჭერა აღუთქვა. მხარის რწმუნებულის თქმით, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების შესაბამისი უწყებები კოორდინირებულად მუშაობენ, რათა განსახორციელებელი პროექტები მოსახლეობის საჭიროებებს მაქსიმალურად მოერგოს.