ყაზბეგში 6.5 კმ სიგრძის სადრენაჟე არხი გაიწმინდა

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სნოს ადმინისტრაციულ ერთეულში, 6.5 კმ სიგრძის სადრენაჟე არხი გაიწმინდა. შედეგად, ჭარბი წყლისგან 45 ჰექტარი მიწის ფართობი გათავისუფლდა და მისი სასოფლო-სამეურნეო მიზნებისთვის გამოყენება გახდა შესაძლებელი.
 
სამუშაოები მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინიციატივით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქართველოს მელიორაციამ განახორციელა. გარემონტდა, ხშირ შემთხვევაში კი თავიდან აშენდა კოლექტორული მიმღებები და სრულად მოწესრიგდა სადრენაჟე ინფრასტრუქტურა.
 
შესრულებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, საქართველოს მელიორაციის ხელმძღვანელი დავით წითლიძე და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორი ოთარ შამუგია.
 
აღსანიშნავია, რომ სოფლების - სნოს, აჩხოტისა და გორისციხის მოსახლეობას, სადრენაჟე სისტემის გაუმართაობის გამო, ათეულობით წლის განმავლობაში ჭარბი წყლის პრობლემა აწუხებდა, რაც, ისედაც მცირემიწიან რაიონში, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას არაეფექტიანს ხდიდა.