შატილის სკოლის მოსწავლეები სწავლას შეუფერხებლად განაგრძობენ

შატილში დამწვარი სკოლა-პანსიონის მოსწავლეები, ახალი სკოლის აშენებამდე, სწავლას ამბულატორიის რეაბილიტირებულ შენობაში განაგრძობენ
 
შატილში, რამდენიმე დღის წინ დამწვარი სკოლა-პანსიონის 8 მოსწავლემ სწავლა დროებით ამბულატორიის ახალრეაბილიტირებულ შენობაში გააგრძელა. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ მოსწავლეები და მათი პედაგოგები საჭირო სასკოლო ინვენტარით უკვე უზრუნველყო. ვითარების რეგულირების პროცესში ჩართულია მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად.
 
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შატილში დამწვარი სკოლა-პანსიონის სანაცვლოდ, ახალი სკოლა აშენდება. სამშენებლო სამუშაოები, კლიმატური პირობებიდან გამომდინარე შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში დაიწყება, რის შემდეგაც შატილს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი სკოლა ექნება.