ყაზბეგის ეროვნულ პარკში დასუფთავების აქცია გაიმართა

ყაზბეგის ეროვნულ პარკში დასუფთავების აქცია გაიმართა. აქცია საქართველოს პრემიერ-მინისტრის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ერთობლივი ორგანიზებით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს მხარდაჭერით მოეწყო.
 
სამუშაო პროცესში აღნიშნული უწყებების წარმომადგენლები და მოხალისეები ჩაერთვნენ. მათ, რამდენიმე დღიანი აქციის ფარგლებში, მყინვარწვერის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს.
 
მყინვარწვერზე, რომელიც ზღვის დონიდან 3 653 მეტრზე მდებარეობს, მსოფლიოში არსებული პრაქტიკის შესაბამისად, ნაგვის ურნები არ არის განთავსებული. ტერიტორიიდან ნაგვის სისტემატიური გატანა, ბუნებრივი პირობების გამო, შეუძლებელია.
 
ყაზბეგის ეროვნული პარკის საერთო ფართობი 78 543,4 ჰა-ს შეადგენს. პარკის 35% ტყითაა დაფარული, დანარჩენი ტერიტორია კი, ალპურ იალაღებს, მორენებს, თოვლით დაფარულ მწვერვალებსა და კლდეებს უკვავია. ეროვნულ პარკში იშვიათი და უნიკალური ფაუნაა წარმოდგენილი.