რეგიონში მცხეთობა-სვეტიცხოვლობის დღესასწაული აღინიშნა

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში „მცხეთობა-სვეტიცხოვლობა 2019“ მასშტაბურად აღინიშნა. დღესასწაულთან დაკავშირებით ღონისძიებები 13 და 14 ოქტომბერს გაიმართა.

14 ოქტომბერი სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვით დაიწყო. წირვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აღავლინა. საეკლესიო რიტუალს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან და მოსახლეობასთან ერთად დაესწრნენ.

„მცხეთობა-სვეტიცხოვლობა 2019“ მრავალფეროვანი კულტურული, შემეცნებითი და სპორტული აქტივობებით იყო დატვირთული. წარმოდგენილი იქნა ქართული ფოლკლორი, მოეწყო ფოტოგამოფენები, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნამუშევრებისა და რეგიონში წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, გაიმართა ქართული და უცხოური საშემსრულებლო ჯგუფების კონცერტები. მცხეთა-მთიანეთის რეგიონში შემავალმა მუნიციპალიტეტებმა დღესასწაულზე მოსულ სტუმრებს საკუთარი კულტურა, შემოქმედება და სამზარეულო გააცნეს. მოეწყო ქუჩის საკარნავალო მსვლელობა და საბავშვო გასართობი სივრცეები. ღონისძიების ფარგლებში, ასევე ჩატარდა ფუძეობის დღესასწაული.

„მცხეთობა-სვეტიცხოვლობა 2019“-ზე, ტრადიციულად, მცხეთის საპატიო მოქალაქეები დააჯილდოვეს. საპატიო მოქალაქის ტიტული დედათა მონასტრის წინამძღვარს დედა ქეთევანს, ღვაწლმოსილ პედაგოგს ნინო ბიბილურს და მსოფლიო ჩემპიონს ჭიდაობაში ჯონდო მუზაშვილს გადაეცათ.

დღესასწაული გალა კონცერტით დასრულდა. მსმენელთა წინაშე წარდგნენ ნიკოლოზ რაჭველი და ევგენი მიქელაძის სახელობის სიმფონიური ორკესტრი, გორის ქალთა კაპელისა და სვეტიცხოვლის მგალობელთა გუნდის შემსრულებლები და ქართული ესტრადის ვარსკვლავები.