ხელისუფლების წარმომადგენლები კიდევ 5 სოფლის მოსახლეობას შეხვდნენ

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური, საქართველოს პარლამენტის დეპუტატები - გიორგი მოსიძე, ისკო დასენი და თენგიზ ხუბულური და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი, ყვავილის, თანიანთკარის, არაგვისპირის, ჩინთისა და დაბა ჟინვალის მოსახლეობისთვის აქტუალურ საკითხებს გაეცნენ.
 
ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ადგილობრივებთან ერთად, სამომავლო პრიორიტეტები განიხილეს. ასევე, დასახლებებში მიმდინარე და განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრეს და შესრულებული სამუშაოების ეფექტიანობა შეაფასეს.
 
მიმდინარეობს ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია ჟინვალში. დაგეგმილია სკვერის კეთილმოწყობა დაბაში მცხოვრები ბავშვებისთვის. მოასფალტდა რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსის ეზოც. უახლოეს პერიოდში დასრულდება სარემონტო სამუშაოები არაგვისპირის საჯარო სკოლაში. მოეწყობა სველი წერტილები და შესრულდება სხვა აუცილებელი სამუშაოები. მიმდინარეობს სოფელში არსებული საბავშვო ბაღის შენობის გაფართოება. რეაბილიტაცია ჩაუტარდა წყალმომარაგების სისტემებს ჟინვალსა და ჩინთში. მოეწყობა წყლის სათავე ნაგებობა სოფელ ყვავილში. ასევე, მიმდინარეობს შიდა გზების მოწესრიგება ყვავილში და თანიანთკარში. აღსანიშნავია, რომ დაბა ჟინვალის, ჩინთისა და თანიანთკარის მოსახლეობა „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეღავათებით სარგებლობს.
 
შეხვედრებზე ადგილობრივებმა ძირითად საჭიროებებად შიდა გზების მოასფალტება, წყალმომარაგების გაუმჯობესება და გაზიფიცირება დაასახელეს. ერთობლივად იმსჯელეს არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე.
 
ღია შეხვედრების ფარგლებში, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მოსახლეობის საჭიროებებს ინტენსიურ რეჟიმში ეცნობიან.