დუშეთში გოდერძი ჩოხელის 65 წლის იუბილე აღინიშნა

დღეს, გოდერძი ჩოხელს 65 წელი შეუსრულდებოდა. დიდი ქართველი მწერლის, რეჟისორისა და საზოგადო მოღვაწის ხსოვნის პატივსაცემად, ქალაქ დუშეთის ილია ზაქაიძის სახელობის კულტურის სახლში, სანდრო ახმეტელის თეატრის მსახიობთა დასმა სპექტაკლი „ბედისწერის თეატრი“ წარმოადგინა. მოეწყო გოდერძის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ფოტოგამოფენა.
 
ღონისძიებას მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, გოდერძი ჩოხელის ოჯახის წევრებთან და მისი შემოქმედების თაყვანისმცემლებთან ერთად დაესწრო.
 
„დღეს, სახელოვან მწერალსა და საზოგადო მოღვაწეს, გოდერძი ჩოხელს, 65 წელი შეუსრულდებოდა. მინდა, ეს დღე ოჯახის წევრებს, ახლობლებს და ყველა იმ ადამიანს მივულოცო, ვინც გოდერძის პიროვნებას და მის შემოქმედებას აფასებს. გოდერძი ჩოხელმა საკუთარი ცხოვრებით და მოღვაწეობით წარუშლელი კვალი დატოვა ქართულ მწერლობაში, კინემატოგრაფიაში და კულტურაში. მეამაყება, რომ ის ჩვენი რეგიონის შვილია“ - აღნიშნა მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ.
 
უახლოეს დღეებში, სოფელ ჩოხში, გოდერძი ჩოხელის სახლ-მუზეუმი გაიხსნება. მუზეუმში მწერლის პირადი კაბინეტი, ბიბლიოთეკა და რამდენიმე საგამოფენო დარბაზი მოეწყობა.