შალვა კერესელიძემ პედაგოგებს პროფესიული დღე მიულოცა

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, დაბა თიანეთში, მასწავლებლის საერთაშორისო დღე აღინიშნა. მადლობის სიგელით დაჯილდოვდა 150 ღვაწლმოსილი პედაგოგი, რომელთაგან 37-ის პროფესიული სტაჟი 50 წელს აღემატება. ღონისძიების ფარგლებში, იმ მასწავლებლებსაც გამოემშვიდობნენ, რომლებმაც პედაგოგიური საქმიანობა დაასრულეს და სახელმწიფოსგან, ფულადი ჯილდოს სახით, ორი წლის ჯამური ხელფასი მიიღეს.
 
ღონისძიებას მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე და თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი თამაზ მეჭიაური დაესწრნენ და პედაგოგებს პროფესიული დღე მიულოცეს.
 
„მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ათეულობით წლის განმავლობაში გაწეული ღვაწლისთვის. თქვენმა შრომამ და მონდომებამ აღზარდა თაობები, რომელთაც თავიანთი წვლილი შეიტანეს ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. სწორედ ეს ადამიანები წარმოადგენენ სახელმწიფოს უკეთესი მომავლის გარანტიას. ვულოცავ ყველა პედაგოგს დღევანდელ დღეს და პროფესიულ წინსვლას ვუსურვებ. თქვენი წარმატება საქართველოს წარმატებას ნიშნავს“! - აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ.
 
ღონისძიების დასრულების შემდეგ, პედაგოგებისთვის საზეიმო ვახშამი გაიმართა.