ხელისუფლების წარმომადგენლები მცხეთის სოფლების საჭიროებებს გაეცნენ

გრძელდება ღია შეხვედრები მოსახლეობასთან. მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუა, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი კაპანაძე და საკრებულოს თავმჯდომარე გელა ბაქრაძე, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - წეროვანში, ჩარდახსა და გოროვანში არსებულ ვითარებას გაეცნენ.
 
ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილობრივებისგან მათთვის აქტუალური საკითხები მოისმინეს. ძირითად საჭიროებებად წყალმომარაგების გაუმჯობესება და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება დასახელდა. ასევე, ერთობლივად იმსჯელეს 2020 წლის საბიუჯეტო პრიორიტეტებზე, სოფლებში შესრულებული სამუშაოების შედეგები შეაფასეს და მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრეს.
 
აქტიურად მიმდინარეობს შიდა საუბნო გზების მოასფალტება გოროვანში და ჩარდახში. უახლოეს დღეებში დასრულდება ჩარდახის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია. სკოლაში სველი წერტილები მოეწყო და სხვა აუცილებელი სამუშაოები შესრულდა. სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, კეთილმოეწყო საბავშვო ბაღის ეზო წეროვანში, რეაბილიტაცია ჩაუტარდა სპორტულ დარბაზს ჩარდახში და მინი სტადიონს გოროვანში. ასევე, დაგეგმილია სტადიონის მოწყობა წეროვანში.
 
ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მჭიდრო კომუნიკაცია მოსახლეობასთან მიზნად ისახავს რეგიონში არსებული საჭიროებების იდენტიფიცირებას, რათა დროულად მოხდეს მათი ასახვა 2020 წლის სამოქმედო გეგმაში.