დუშეთში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 3 სკოლა-პანსიონი გაიხსნება

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, მოადგილესთან მანანა ნარიმანიძესთან ერთად, მაღაროსკარში სკოლა-პანსიონის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. სამუშაოები რამდენიმე კვირის წინ დაიწყო და უკვე აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. იგეგმება პანსიონის სრული განახლება და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობა. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ადგილობრივ ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ განათლება კეთილმოწყობილ გარემოში მიიღონ და გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურით ისარგებლონ.
 
მიმდინარე წელს რეაბილიტაცია შატილისა და ბარისახოს სკოლა-პანსიონებსაც ჩაუტარდება. დუშეთის მუნიციპალიტეტის სამივე პანსიონის სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან ფინანსდება. სამუშაოების ჯამური ღირებულება დაახლოებით 1 მილიონ ლარს შეადგენს.
 
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენმა ახალგაზრდებმა სკოლამდელი და სასკოლო განათლება შესაბამის გარემოში მიიღონ. ამ მიმართულებით მუშაობა თითოეულ მუნიციპალიტეტში ინტენსიურად მიმდინარეობს. 2019 წლის შემოდგომაზე, დუშეთში, 3 კეთილმოწყობილი, სრულად რეაბილიტირებული სკოლა-პანსიონი გაიხსნება. შენდება და რეაბილიტაცია უტარდება სკოლებს და საბავშვო ბაღებს რეგიონის მასშტაბით“ - აღნიშნა შალვა კერესელიძემ.
 
მხარის სახელმწიფო რწმუნებული ბარისახოში ამბულატორიის რეაბილიტაციის პროცესსაც გაეცნო. ასევე, დაათვალიერა სარემონტო სამუშაოები მაღაროსკარის საჯარო სკოლაში.