მცხეთაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი შენობა გაიხსნა

მცხეთაში, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის შენობა გაიხსნა. ახალი შენობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო და საჭირო სამედიცინო ტექნიკითა და ინვენტარით აღიჭურვა. გადაუდებელი დახმარების ცენტრის 2 ავტომობილი უახლესი სპეცმანქანებით ჩანაცვლდა.
 
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი შენობა დაათვალიერეს და სამედიცინო პერსონალს გაესაუბრნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ავთანდილ თალაკვაძე, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები.
 
„მოსახლეობის ხარისხიანი ჯანდაცვით უზრუნველყოფა და სამედიცინო პერსონალისთვის მუშაობის შესაბამისი პირობების შექმნა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. მიმდინარე წელს აქტიურად ვმუშაობთ, რათა აშენდეს, რეაბილიტაცია ჩაუტარდეს და ინფრასტრუქტურულად კეთილმოეწყოს სასწრაფო დახმარების ცენტრები და ამბულატორიები მთელი რეგიონის მასშტაბით. მინდა, მადლობა გადავუხადო ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანადგომისთვის- აღნიშნა მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ ხელისუფლების წარმომადგენლებთან და სამედიცინო პერსონალთან საუბრისას.