რწმუნებულის მოადგილე ანანურის სამონასტრო კომპლექსში იმყოფებოდა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი დავით ტყეშელაშვილი, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე მანანა ნარიმანიძე, დუშეთის მუნიციპალიტეტისა და საყდრისის დაცვის კომიტეტის წარმომადგენლები ანანურის სამონასტრო კომპლექსში იმყოფებოდნენ და ადგილზე არსებულ სიტუაციას გაეცნენ.
 
რეაბილიტაციას საჭიროებს სამონასტრო კომპლექსის გალავანი, საფეხურები და კოშკის ნაწილი. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსა და მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას, ვითარების დეტალურად შესწავლის მიზნით, კოორდინირებული მუშაობა უკვე დაწყებული აქვთ. ამ ეტაპზე, ძეგლის დაზიანების ხარისხის შეფასება მიმდინარეობს.
 
მიმდინარე კვირაში, შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები სამუშაო შეხვედრებს გამართავენ და სამომავლოდ განსახორციელებელ ღონისძიებებს განსაზღვრავენ. დაწესდება დროებითი რეგულაციები სამონასტრო კომპლექსში ტურისტების გადაადგილებაზე.
 
ამჟამად, ანანურში, სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა მიმდინარეობს. პროექტის განხორციელებით აღნიშნულ ტერიტორიაზე მოუწესრიგებელი გარე ვაჭრობის მრავალწლიანი პრობლემა გადაიჭრება და ანანური ადგილობრივი მოსახლეობისთვის და ტურისტებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი ადგილი გახდება. პროექტის ფარგლებში დაიგება ასფალტის საფარი, დამონტაჟდება გარე განათება, კეთილმოეწყობა ტურისტული ინფრასტრუქტურა, მოეწყობა პარკირების სივრცე და ძველი სავაჭრო დახლების ნაცვლად თანამედროვე ჯიხურები განთავსდება.