ხელისუფლების წარმომადგენლები შატილსა და როშკაში იმყოფებოდნენ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი და მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე შატილში და როშკაში იმყოფებოდნენ და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ხევსურეთში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრეს.
 
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო შატილში, უახლოეს პერიოდში, მცირე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას დაიწყებს. ჰესის დადგმული სიმძლავრე 200 კვტ იქნება და ის მოსახლეობის ელექტროენერგიით მომარაგებას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე არსებული ჰიდროელექტროსადგური მოძველებულია და მწყობრიდან ხშირად გამოდის.
 
სამინისტროს მხარდაჭერით ხევსურეთში სათემო ინტერნეტიზაციის პროექტიც ხორციელდება. როშკის მოსახლეობას უკვე აქვს შესაძლებლობა მაღალხარისხიანი ინტერნეტით ისარგებლოს. რამდენიმე კვირაში ინტერნეტზე წვდომა შატილის მცხოვრებლებსაც ექნებათ. პროექტის განხორციელების შედეგად, მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით ხევსურეთთან ერთად, ფშავისა და გუდამაყრის ხეობებიც დაიფარება. მიღებული სიკეთით ჯამში 76 სოფელი ისარგებლებს.
 
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მიკრო და მცირე გრანტების პროგრამაზეც ისაუბრა, რომლის განხორციელება მიმდინარე წლის შემოდგომაზე დაიწყება და ხევსურეთის მოსახლეობას შემოსავლის დამატებით წყაროს გაუჩენს.
 
მთიანი რეგიონების მხარდაჭერა სახელმწიფოსთვის პრიორიტეტული მიმართულებაა. ხორციელდება სხვადასხვა პროგრამა და პროექტი, რომელთა მიზანია ხელი შეუწყოს მცხეთა-მთიანეთში ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და მეწარმეობის კიდევ უფრო განვითარებას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მთიანი დასახლებებიდან წასულ მოსახლეობას უკან დაბრუნების მოტივაცია გაუჩინოს.