პრემიერი დუშეთში და გუდამაყარში მიმდინარე პროექტებს გაეცნო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან მაია ცქიტიშვილთან, რეგიონული განვითარების საკითხებში მრჩეველთან სოზარ სუბართან, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან შალვა კერესელიძესთან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, დუშეთის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათთან ერთად მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.

პრემიერ-მინისტრმა ქალაქ დუშეთში ისტორიული ქუჩების რეაბილიტაციის პროცესი მოინახულა და მიმდინარე სამუშაოების შედეგები შეაფასა. პროექტის ფარგლებში რესტავრაცია XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე აშენებულ 40 ისტორიულ შენობას ჩაუტარდება, რომელთაგან 24 კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მატარებელია. ამავე ქუჩებზე გათვალისწინებულია გზის საფარის, ტროტუარებისა და გარე განათების მოწყობა. ისტორიული უბნების რეაბილიტაცია დუშეთს ადგილობრივი მოსახლეობისთვის უფრო საინტერესოს და მრავალფეროვანს გახდის, ასევე, ხელს შეუწყობს ქალაქის ტურისტული პოტენციალის ზრდას.

ხელისუფლების წარმომადგენლები გუდამაყრის ხეობასაც ესტუმრნენ, სოფელ ჩოხში გოდერძი ჩოხელის სახლ-მუზეუმის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს და მწერლის ოჯახის წევრებს შეხვდნენ.  სახლ-მუზეუმის მშენებლობა რამდენიმე თვის წინ დაიწყო და მიმდინარე წლის შემოდგომაზე დასრულდება. შენობაში გოდერძი ჩოხელის პირადი კაბინეტი, ორი საგამოფენო დარბაზი, ბიბლიოთეკა და ადმინისტრაციული ოთახი განთავსდება. გუდამაყარში სხვა მნიშვნელოვანი სამუშაოებიც ხორციელდება: რეაბილიტაცია უტარდება სოფელ ზანდუკის საჯარო სკოლას, მიმდინარეობს მთის ინტერნეტიზაციის პროექტი. ასევე, დაგეგმილია გუდამაყრის გზის სრული რეაბილიტაცია.

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები მიზნად ისახავს მთიანი დასახლებების გაძლიერებას და კიდევ უფრო განვითარებას, სოფლებიდან წასული მოსახლეობისთვის მშობლიურ მხარეებში დასაბრუნებლად შესაბამისი პირობების შექმნას და აქ არსებული ტურისტული პოტენციალის ზრდას.

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ, რეგიონების მხარდასაჭერად სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული პროგრამების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„მცხეთა-მთიანეთში ინფრასტრუქტურული სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ხორციელდება სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამა და პროექტი, რომელთა მიზანი ადგილობრივი მოსახლეობისთვის ცხოვრების შესაბამისი პირობების შექმნა და რეგიონში ტურისტული ნაკადების ზრდის ხელშეწყობაა. მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას მხარდაჭერისა და თანადგომისთვის“ - აღნიშნა შალვა კერესელიძემ.