ნავდარაანთკარში და ჩანადირთკარში წყალმომარაგების პრობლემა გადაიჭრა

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნავდარაანთკარში და დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანადირთკარში სასმელი წყლის სისტემებს რეაბილიტაცია ჩაუტარდა. პროექტის ფარგლებში მოეწყო ჭაბურღილები და წყალშემკრები ავზი, განხორციელდა დაქსელვა. სამუშაოების დასრულების შედეგად, სოფლებში წყალმომარაგების მრავალწლიანი პრობლემა გადაიჭრა.
 
დასრულებულ სამუშაოებს მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, ადგილობრივ მოსახლეობასთან და მცხეთისა და დუშეთის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან ერთად გაეცნო.
 
სოფელ ნავდარაანთკარისა და სოფელ ჩანადირთკარის წყლის სისტემების რეაბილიტაცია ამერიკული საქველმოქმედო ორგანიზაციის „LDS Charities” დაფინანსებით განხორციელდა, ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანადაფინანსებით. პროექტის ჯამური ღირებულება 330 000 ლარს აჭარბებს.
 
ამერიკულმა საქველმოქმედო ორგანიზაციამ, ადგილობრივი ხელისუფლებისა და „ინვესტიციებისა და ჰუმანიტარული პროექტების გაერთიანების“ მხარდაჭერით, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში წყლის პროექტები უკვე 11 დასახლებაში განახორციელა.