რწმუნებულის ადმინისტრაციაში 2020 წლის პროექტები განიხილეს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა და მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ, მცხეთის მაჟორიტარ დეპუტატთან დიმიტრი ხუნდაძესთან, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, 2020 წელს რეგიონში განსახორციელებელი პროექტები განიხილეს.
 
მცხეთა-მთიანეთში მომავალი წლისთვის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო 500 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების პროექტებს განახორციელებს. აშენდება და რეაბილიტაცია ჩაუტარდება სკოლებს, საბავშვო ბაღებსა და ამბულატორიებს, კეთილმოეწყობა გზები, გაუმჯობესდება წყალმომარაგება, მოეწყობა კულტურული, ტურისტული და სპორტული ინფრასტრუქტურა. დაფინანსების არსებულ ფონდებს ორი ახალი წყარო - „ახალი სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების მშენებლობის პროგრამა“ და „წყლის ხარისხის გაუმჯობესების პროგრამა“ დაემატა.
 
შეხვედრაზე ხელისუფლების წარმომადგენლებმა სამუშაოების დროულად და ეფექტიანად განხორციელების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. შალვა კერესელიძის თქმით, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, მუნიციპალიტეტებთან ერთად, ამ მიმართულებით ინტენსიურად იმუშავებს.
 
„მადლობას ვუხდით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, რომელიც ჩვენს რეგიონში ბევრ სასიკეთო პროექტს ახორციელებს და სამომავლოდ კიდევ უფრო გააქტიურებას გეგმავს. ძალისხმევას არ დავიშურებთ, რათა სამუშაოები განხორციელდეს განსაზღვრულ ვადებში და რაც მთავარია, მიღებული შედეგით ჩვენმა მოსახლეობამ ისარგებლოს“ - აღნიშნა მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ.