ყაზბეგის მუნიციპალიტეტში პროექტები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში პროექტები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული, მოადგილესთან, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის ხელმძღვანელ პირებთან და საზედამხედველო კომპანია „მშენ-ექსპერტის“ წარმომადგენლებთან ერთად, ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო.
 
სოფელ ხურთისში წყლის სათავე ნაგებობის, გამწმენდი ნაგებობის, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. რეაბილიტაცია უტარდება საცხოვრებელ კორპუსებსა და ადმინისტრაციულ შენობას დაბა სტეფანწმინდაში. ასევე, აქტიურად მიმდინარეობს სოფელ ყანობთან მისასვლელი ხიდის სამშენებლო და სოფლების - სიონისა და გარბანის დამაკავშირებელი ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
 
მხარის რწმუნებულმა სოფელ ფანშეტის ჭაბურღილისა და სოფელ სიონში კობათუბნის ნაპირსამაგრების მოწყობის სამუშაოებიც მოინახულა და ადგილზე არსებულ ვითარებას დეტალურად გაეცნო.
 
შალვა კერესელიძე ასევე შეხვდა კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებს, მათთან ერთად პროექტების მიმდინარეობაზე და არსებულ გამოწვევებზე იმსჯელა.
 
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია პროექტები ხარისხიანად შესრულდეს და მიღებული სიკეთით ყაზბეგელებმა მაქსიმალურად ისარგებლონ. მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, შესაბამის უწყებებთან ერთად, მიმდინარე სამუშაოებზე მუდმივ მონიტორინგს ახორციელებს“ - აღნიშნა შეხვედრაზე მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა.