მცხეთაში ინფრასტრუქტურული სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერთან გიორგი კაპანაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, მცხეთაში, საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.

აქტიურად მიმდინარეობს შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია ქალაქ მცხეთაში - ნარეკვავის დასახლებაში და სოფელ გალავანში. ასევე, რეაბილიტაცია უტარდება სოფელ ვარდისუბანში, სოფელ პატარა ქანდაში და სოფელ წინამძღვრიანთკარში დევნილთა დასახლებასთან მისასვლელ გზებს. პროექტების ჯამური ღირებულება 1.5 მილიონ ლარზე მეტია. სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.

მხარის რწმუნებულმა ასევე მოინახულა სოფელ მუხრანის კულტურის სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები, სოფელ ქსოვრისის სკვერისა და ქალაქ მცხეთაში, ღართისკარის დასახლებაში მინი სტადიონის კეთილმოწყობის პროცესი.

„ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მცხეთაში ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გავეცანი. პროექტები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. მათი ნაწილი დასრულების ეტაპზეა. ეტაპობრივად დაიწყება ახალი პროექტების განხორციელება. ჩვენი მიზანია სამუშაოები დროულად და ხარისხიანად შესრულდეს და მიღებული სიკეთით ადგილობრივმა მოსახლეობამ მაქსიმალური სარგებელი მიიღოს“ - აღნიშნა შალვა კერესელიძემ.

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, ადგილობრივ თვითმმართველობებთან ერთად, რეგიონში მიმდინარე პროექტების განხორციელებას მუდმივ მონიტორინგს უწევს.