შატილთან დამაკავშირებელი გზის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს

შატილის თემთან დამაკავშირებელი სამანქანო გზის გაწმენდით სამუშაოებს მხარის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, მცხეთა-მთიანეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მთავარი სამმართველოს უფროსთან თემურ მონიავასთან და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერთან ზურაბ სეხნიაშვილთან ერთად გაეცნო.
 
5 ივნისს, ძლიერი წვიმის შედეგად, ადიდებული მდინარე გუროსხევიდან ჩამოტანილმა მყარმა მასალამ გზა 80 მეტრის მანძილზე დააზიანა. აღდგენით სამუშაოებს ბარისახო-შატილის გზის რეაბილიტაციის პროექტის შემსრულებელი შპს „მამისონი“ ამ დრომდე ახორციელებს.
 
ამ დროისთვის, გართულებულია მიმოსვლა შატილის თემის 8 სოფელთან.
 
ვითარების რეგულირების პროცესში ჩართულები არიან მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები. ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის რეინჯერები.