მცხეთაში დევნილ ოჯახებს ახალაშენებულ კორპუსებში ბინები გადაეცათ

ქალაქ მცხეთაში, 120 დევნილი ოჯახი ახალაშენებულ კორპუსებში ბინების მფლობელი გახდა. მესაკუთრეებს შორის არიან ოჯახები, რომელთა საცხოვრებელი სახლები, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე დაიხურა.

დევნილ მოსახლეობას ბინების გასაღებები გადასცეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ და მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ.

120 ბინიდან 54-ერთოთახიანი, 39-ოროთახიანი, 24-სამოთახიანი და 3-ოთხოთახიანია.

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კორპუსები სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. კეთილმოწყობილია მიმდებარე ტერიტორია. ორივე კორპუსს საკუთარი ავტოსადგომი აქვს.

კორპუსების მშენებლობა საქართველოს მთავრობამ დააფინანსა და მისი ღირებულება 5.5 მილიონი ლარია. პროექტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა.