ექიმები მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის სიახლეებს გაეცნენ

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან შალვა კერესელიძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, რეგიონის ექიმებს შეხვდა და ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის სიახლეები პირადად გააცნო.
 
ეტაპობრივად ფართოვდება ხელმისაწვდომი მედიკამენტების ნუსხა და იმ დაავადებების ჩამონათვალი, რომელთა სამკურნალო პრეპარატებიც პროგრამის ფარგლებში ფინანსდება. სახელმწიფო პროგრამა, ამ ეტაპზე, შაქრიანი დიაბეტის (ტიპი II), ფარისებრი ჯირკვლის, ეპილეფსიის, პარკინსონის, გულ-სისხლძარღვთა და ფილტვის ქრონიკული დაავადებების სამკურნალო ყველაზე მოხმარებად 35 დასახელების მედიკამენტს აფინანსებს.
 
ასევე, გაფართოვდა იმ აფთიაქების ჩამონათვალი, სადაც მედიკამენტების შეძენა სიმბოლურ 1 ლარად ან განახევრებულ ფასადაა შესაძლებელი. ბენეფიციარებს ქვეყნის მასშტაბით “PSP”-ს, „ავერსი“-ს, „ჯიპისი“-ს, „ფარმადეპო“-სა და „სახალხო აფთიაქის“ 118 ფილიალი მოემსახურებათ.