დუშეთში კობიანთკარის დასახლებასთან დამაკავშირებელი ახალი ხიდი გაიხსნა

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ, დუშეთის, ყაზბეგისა და თიანეთის მაჟორიტარ დეპუტატთან ზაქარია ქუცნაშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელებთან ერთად, ქალაქ დუშეთში ახლადაშენებული ხიდი გახსნა.

ხიდი 15 მ სიგრძის და 9.2 მ სიგანისაა და ის ქალაქ დუშეთს კობიანთკარის დასახლებასთან აკავშირებს. არსებული ხიდი 2018 წლის ზაფხულში, ძლიერი წვიმის შედეგად დაზიანდა, რის გამოც გადაადგილება რამდენიმე თვით შეიზღუდა. ამ ეტაპზე, შეზღუდვები სრულადაა მოხსნილი და მოსახლეობას უსაფრთხოდ გადაადგილების შესაძლებლობა აქვს.

ხიდის მშენებლობა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებისთვის გამოყოფილი თანხებით განხორციელდა. მოეწყო ტროტუარები, მონოლითური რკინაბეტონის საყრდენი კედლები და დამცავი გაბიონები. ხევის კალაპოტში რკინაბეტონის ფილები და წყალმომცილებელი დამბები განთავსდა. პროექტის ღირებულება 472 515 ლარს შეადგენს.