მხარის რწმუნებული დუშეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შეხვდა

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ახატანში, ახალ კადოეთში, შუახევში და ხარხეთში იმყოფებოდა და მოსახლეობას ესაუბრა.
 
შალვა კერესელიძემ ადგილობრივ მოსახლეობას მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო. 2019 წელს, შიდა სასოფლო და სოფლებს შორის დამაკავშირებელი გზების მოწესრიგებისა და წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული სამუშაოები განხორციელდება.
 
მხარის რწმუნებულმა მოსახლეობისთვის აქტუალური საკითხები დეტალურად მოისმინა და არსებულ გამოწვევებზე რეაგირების გზებზე მათთან ერთად იმსჯელა.
 
„ნაყოფიერი შეხვედრა შედგა დუშეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან. პირადად გავეცანი სოფლებში არსებულ ვითარებას და ერთობლივად ვიმსჯელეთ თემებზე, რომლებიც ადგილობრივებს, ამ ეტაპზე, ყველაზე მეტად აწუხებს. პრიორიტეტული საკითხების ნაწილზე მუშაობა უკვე დაწყებულია. სამუშაო პროცესი ეტაპობრივად ყველა დარჩენილ მიმართულებას მოიცავს“ - განაცხადა მცხეთა-მთიანეთის რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ.