თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგიონული შეხვედრა გაიმართა

დაბა თიანეთში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის საკითხებზე მცხეთა-მთიანეთში მოღვაწე ფერმერებთან რეგიონული შეხვედრა გაიმართა.
 
შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
 
ფერმერებმა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა რეგიონში სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მიმართულებით აქტუალურ საკითხებზე ერთობლივად იმსჯელეს. მათ შორისაა, რეგიონში კენკროვანი კულტურების გაშენების პროგრამის წარმატებით დანერგვისთვის გადასადგმელი ნაბიჯები, მეცხოველეობის განვითარების ხელშეწყობა, საძოვრებისა და გადასარეკი ტრასების მოწესრიგება, დაცული ტერიტორიების გაფართოება, მუნიციპალიტეტების სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით აღჭურვა, რეგიონში პროფესიული განათლების ხელშეწყობა, მელიორაციის მიმართულება და სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამართულ საერთო კრებებზე წამოჭრილი სხვა საკითხები.
 
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალური გამოყენების“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, თიანეთის მუნიციპალიტეტში მოქმედ კოოპერატივს „ყვარის მთა“ 90 %-იანი თანადაფინანსებით სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა გადასცა. კოოპერატივი 2016 წელს შეიქმნა და მასში 19 მეპაიეა გაერთიანებული.
 
რეგიონული შეხვედრა მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებითა და თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით ჩატარდა.