მხარის რწმუნებული ზემო მლეთის ეკომიგრანტებს შეხვდა

საქართველოს მთავრობის ინიციატივით დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ზემო მლეთის ეკომიგრანტებისთვის ალტერნატიული საცხოვრებელი ფართების შესაძენად ფულადი თანხა გამოიყოფა. ოჯახების დაფინანსებას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო და ადგილობრივი თვითმმართველობა უზრუნველყოფენ.
 
მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ზემო მლეთის მოსახლეობას მთავრობის ინიციატივა გააცნო. მხარის რწმუნებულმა სოფლის საჭიროებები მოისმინა, მოსახლეობასთან ერთად ალტერნატიული საცხოვრებლის უზრუნველყოფის საკითხზე იმსჯელა და მათ მხარდაჭერა აღუთქვა.
 
„ჩვენთვის მლეთის ეკომიგრანტების უსაფრთხოება უმნიშვნელოვანესი საზრუნავია. მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს და ყველა შესაბამის სახელმწიფო უწყებას თანადგომისთვის. აქტიურად ვმუშაობთ, რათა მოსახლეობა საცხოვრებლად ეკოლოგიურად უსაფრთხო ზონაში გადავიყვანოთ“ - აღნიშნა მხარის რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ.