სოციალურ პროგრამებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრები გაიმართა

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ ირაკლი ცქიტიშვილმა, რწმუნებულის მოადგილემ მანანა ნარიმანიძემ და მცხეთა-მთიანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროსმა მაკა ხამხაძემ მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამისა და სოციალური დახმარების სისტემაში შესული ცვლილებების შესახებ მცხეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში მოსახლეობასთან და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართეს.
 
ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სოციალურად დაუცველი პირები მედიკამენტებს სიმბოლურ ფასად - 1 ლარად იღებენ, საპენსიო ასაკის მოსახლეობა, შშმ სტატუსის მქონე პირები, პარკინსონით და ეპილეფსიით დაავადებული მოქალაქეები კი პრეპარატების შეძენისას მინიმუმ 50%-იანი ფასდაკლებით სარგებლობენ.
 
შეხვედრების ფარგლებში მოსახლეობას გააცნეს სოციალური დახმარების სისტემაში შესული ცვლილებები. 2019 წლის 1 იანვრიდან სოციალურად დაუცველი ოჯახები (რომელთა სარეიტინგო ქულა 100 001-ზე ნაკლებია) ფულად დახმარებას იმ შემთხვევაშიც მიიღებენ, თუ მათ შემოსავლების სამსახურის ბაზაში ხელფასი დაუფიქსირდათ. ამ შემთხვევაში საარსებო შემწეობას 12 თვის განმავლობაში მთელი ოჯახი, ხოლო 24 თვის განმავლობაში 16 წლამდე ასაკის მოზარდები მიიღებენ. ამასთან, სოციალურად დაუცველ ოჯახებს 16 წლამდე ასაკის თითოეული წევრისთვის ფულადი დახმარების სახით 50 ლარი დაერიცხებათ.