თიანეთში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს

თიანეთში საბავშვო ბაღების, კულტურის სახლისა და გზების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
 
მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, თიანეთის მუნიციპალიტეტის მერთან თამაზ მეჭიაურთან და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, თიანეთის მუნიციპალიტეტში პროექტების მიმდინარეობას გაეცნო.
 
შალვა კერესელიძემ დაბა თიანეთში მდებარე კულტურის სახლი დაათვალიერა, რომელსაც სრული რეაბილიტაცია უტარდება. პროექტის ფარგლებში სცენა, დარბაზი, საოპერატორო და საგრიმიორო ოთახები მოეწყობა, დამონტაჟდება პროფესიონალური გახმოვანებისა და განათების აპარატურა.
 
მხარის რწმუნებული ასევე გაეცნო დაბა თიანეთის საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოების და სოფელი ჟებოტის საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის პროცესს. პარალელურად ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია სიმონიანთხევში და ღულელებშიც მიმდინარეობს.
 
შალვა კერესელიძემ დაათვალიერა დაბა თიანეთი-ჭურჭელაურების, ზარიძეები-ჯიჯეთის და ჟებოტა-ახალსოფელის დამაკავშირებელი გზების სამშენებლო სამუშაოები, ასევე, სოფელი ჟებოტის მრავალფუნქციური შენობისა და დაბა თიანეთის მრავალბინიანი კორპუსების რეაბილიტაციის მიმდინარეობა.
 
მხარის რწმუნებულის შეფასებით, მუნიციპალიტეტში სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. მონიტორინგის პროცესში აქტიურადაა ჩართული მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად.