დუშეთში სამოქალაქო-საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს“ თავმჯდომარესთან ნინო ჩხობაძესთან ერთად, ქალაქ დუშეთში, სამოქალაქო-საზოგადოებრივი ორგანიზაციის გახსნას დაესწრო.
 
ორგანიზაცია ადგილობრივ მოსახლეობას შესაძლებლობას მისცემს რეგიონში გარემოსდაცვითი თემების განხილვაში კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთოს და საკუთარი ინიციატივებიც წარმოადგინოს. ცენტრი მოქალაქეებს ეკოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებით შესაბამის კონსულტაციებსაც გაუწევს.
 
„ჯანსაღ გარემოზე ზრუნვა სახელმწიფოს პრიორიტეტია. აქტიურად ვმუშაობთ, რათა გავზარდოთ მოქალაქეების ჩართულობა გარემოსდაცვით საკითხებში. რეგიონში სამოქალაქო-საზოგადოებრივი ცენტრის გახსნა ამ მიმართულებით ერთ-ერთი წინგადადგმული ნაბიჯია“ - აღნიშნა მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ.
 
სამოქალაქო-საზოგადოებრივი ორგანიზაცია ქალაქ დუშეთში ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით გაიხსნა.