რეგიონში 9/11-ის ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის პირველმა მოადგილემ ელიზაბედ რუდმა, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელებმა 2001 წლის 11 სექტემბერს აშშ-ში ტერაქტის შედეგად გარდაცვლილი მეხანძრე-მაშველების მემორიალი მცხეთაში გვირგვინით შეამკეს. ქართული და ამერიკული მხარეების წარმომადგენლებმა მეხანძრეებისა და 11 სექტემბრის ტერაქტის შედეგად გარდაცვლილი სხვა მშვიდობიანი მოქალაქეების ხსოვნის პატივსაცემად მწვანე ნარგავებიც დარგეს.
 
მხარეებმა ასევე ისაუბრეს აშშ-ის საელჩოს თავდაცვითი ურთიერთობების ოფისის (ODC) ფინანსური მხარდაჭერით მცხეთა-მთიანეთში განსახორციელებელი პროექტების შესახებ. მათ შორისაა მზრუნველობას მოკლებულთათვის თავშესაფრის მშენებლობა, ყაზბეგის მუნიციპალური სამედიცინო ცენტრისთვის აპარატურის შეძენა, სასმელი წყლის სისტემების რეაბილიტაცია, მუნიციპალიტეტებისთვის ბუნებრივი კატაკლიზმების დროს გამოსაყენებელი ტექნიკის გადაცემა, შშმ პირებისთვის ეტლებისა და სხვა დამხმარე საშუალებების შეძენა.
 
მცხეთა-მთიანეთი აშშ-ის საელჩოსთან 2014 წლიდან აქტიურად თანამშრომლობს. მიმდინარე წელს რეგიონში დაგეგმილი პროექტების განსახორციელებლად ამერიკის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა 1 მილიონ დოლარს აღემატება.